2013 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები.დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმით გამოწვეული უქმობის შემდეგ, ბოლნისელებთან მატჩში ზესტაფონელთა რიგებში მინდორს გუნდის გოლკიპერი როინ კვასხვაძე დაუბრუნდა.
იმერელთა და ქვემოქართლელთა დღევანდელი შეხვედრა მეტოქეთა კარის სიახლოვეს შექმნილი სახიფათო მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა და ყველაფერი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა - 49-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა გიორგი ბიბილეიშვილმა და ძლიერი დარტყმით ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
სტუმართა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0. ზესტაფონელები კი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას ნაადრევად ეთიშებიან.