Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
19.10.2013

 

 

 

 

 

 

 

 

ლაშხიას პასი, მიქელთაძის გოლი და ელიტ-რაუნდის საგზური

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაშიც გამარჯვება მოიპოვა. 2013 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ნოდარ აკობიას გუნდმა ფარერის კუნძულების გუნდი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

 

სასიამოვნოა, რომ, სან მარინოელ თანატოლებთან გუშინწინ გამართული მატჩის მსგავსად, თავი ისევ გამოიჩინეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლებმა. ნაკრების დამრიგებელმა ნოდარ აკობიამ მარგველთა დუბლიორთა გუნდის (მწვრთნელი - გიორგი მიქაძე) წევრები ნიკა ლაშხია და ბექა მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ორივე ფარერელებთან დაპირისპირების მეორე ნახევრის მსვლელობისას შეცვალა...

 

მანამდე კი იყო საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებისათვის გადამაწყვეტი შეხვედრის პირველი ტაიმის 15-ე წუთი, როდესაც ნიკა ლაშხიას მორიგი შედეგიანი გადაცემის შემდეგ ბექა მიქელთაძემ თავის გუნდი შორიდან ზუსტი დარტყმით დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს კი სტუმრები კიდევ ერთი გატანილი გოლით გიორგი ჯობავამ დაამწუხრა - 2-0.

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპირველობის ელიტ-რაუნდის საგზური გაინაღდა.

 

 

გამოყენებულია ფოტომასალა საიტიდან www.worldsport.ge
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013