Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
19.10.2013

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი"-"ვიტ-ჯორჯია" ციფრებში

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვირას, 20 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლებენ.

 

თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს... რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ უპირატესობას სხვადასხვა წლებში ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე...

 

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში სოლიდური "ჰანდიკაპიც" შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად 2010-2012 წლებში შეცვალეს - ორი ზესტაფონური ოქროს "ჭედვისას" მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც გასული ჩემპიონატის პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებაც (3-2) მოაყოლეს და, იმის მიუხედავად, რომ განვლილი სეზონის მეორე (საშინაო) შეხვედრაში მარცხი (1-2) იწვნიეს, სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.

 

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ერთმანეთში 25-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 4 დასრულდა ფრედ, 10 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 39:35 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ვეტერინართა და მარგველთა გზები ორჯერ გადაიკვეთა - თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს...

 

საინტერესოა ის, რომ "ვიტ-ჯორჯიას" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას - 4 გატანილი გოლი...

 

"ვიტ-ჯორჯიასთან" 20 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი დავით ხარიტონაშვილი მოემსახურება, 16:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013