ნიკა ლაშხიას გოლი და პასი შესარჩევი ეტაპის სტარტზე
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. 2013 წლის 17 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ნოდარ აკობიას გუნდმა სან მარინოელი თანატოლები ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
სასიხარულოა, რომ ნაკრების რიგებში კარგი და შედეგიანი ასპარეზობით თავი გამოიჩინა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელმა, მარგველთა დუბლიორთა გუნდის წევრმა ნიკა ლაშხიამ. დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა ნახევარმცველის, რომელიც გუნდში თავის დროზე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიადან" გადმოვიდა, ანგარიშზე ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემაა.
მატჩი ქართველ ჭაბუკთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველ ტაიმში ნოდარ აკობიას შეგირდებმა მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს: უკვე 8-ე წუთზე ნიკა ლაშხიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიორგი ბერიძემ დააწინაურა, 19-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 33-ე წუთზე გოლი უკვე თავად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ნახევარმცველმა გაიტანა. მართალია, 67-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა კი მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ქართველებს არ გასჭირვებიათ - 3-1.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებში მარგველთა კიდევ ერთი წარმომადგენელი ბექა მიქელთაძე დღევანდელ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის გახლდათ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ჭაბუკები 19 ოქტომბერს ფარერის კუნძულების გუნდთან გამართავენ.
გამოყენებულია ფოტომასალა საიტებიდან www.worldsport.ge და www.gff.ge