2013 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ზუგდიდმა” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გააჟღერა ინიციატივა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩების ლოზუნგით „დიცი და დვანი - საქართველოა!“ გამართვის შესახებ. გუნდები დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ წარწერის მქონე მაისურებით გავიდნენ და ამით გამოხატეს ქართული საფეხბურთო ოჯახის პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ.
დღევანდელ შეხედრას სტუმრები გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო ზუგდიდელებთან დაპირისპირებაში მარგველთა გუნდს ირაკლი ქობალია (დისკვალიფიკაცია), გიორგი ადამია, ბორისლავ ტერზიჩი, იგორ იელიჩი და დავით რაჟამაშვილი (ყველას - ტრავმები) გამოაკლდნენ. აქედან გამომდინარე, გუნდის დამრიგებელ რატკო დოსტანიჩს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოუწია.
მატჩი ზესტაფონელთა სწრაფი გოლით დაიწყო. შეხვედრის 3-ე წუთზე ზუგდიდელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა და მისი შესრულება ლევან შარიქაძემ ითავა - მარგველთა ნახევარმცველის ჩაწოდებული ბურთი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში ისე აღმოჩნდა, რომ გზად არავის შეხებია. პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში კი მიილია, თუმცა შეტევითი აქციებისას უფრო მწვავედ მაინც სტუმრები გამოიყურებოდნენ. ანგარიშის გაზრდა გურამ სამუშიას მართებდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრებმა ზუგდიდელთა კართან
მწვავე იერიში განახორციელეს და რომ არა მასპინძელთა დაცვის ხაზის მოთამაშეთა თავგანწირული თამაში, ლევან შარიქაძე კიდევ ერთხელ აიღებდა ზურაბ მამალაძის კარს. რამდენიმე წუთში ზუგდიდელთა გოლკიპერმა ლევან კუტალიას ურთულესი დარტყმა აუღო. აშაკარა გოლებს გადაურჩა "ზუგდიდი" სანდრო გურულისა და გურამ სამუშიას დარტყმების შემდეგ - პირველ შემთხვევაში თავის გუნდი ისევ ზურაბ მამალაძემ გადაარჩინა, ხოლო მეორეში ზესტაფონელთა შემტევის დარტყმა მცირედით ასცდა კარს.
ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, მარგველებმა გადამწყვეტი გოლი 80-ე წუთზე მაინც გაიტანეს - საბა ლომია მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა
და შანსი ჩინებულად გამოიყენა. მატჩის ძირითადი დროისათვის
არბიტრ მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ დამატებულ მეორე წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს - ავთო ენდელაძის კარგი გადაცემა გოლად ისევ საბა ლომიამ აქცია.
მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში იმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.