მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ”გურიას” უმასპინძლა.
ზესტაფონელთა მიერ ჩატარებული წინა ორი მატჩისაგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაში იმერულმა გუნდმა მეტოქის კარის დალაშქვრაც და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესოდ წარიმართა და, თუ არ ჩავთვლით სტუმართა კართან შექმნილ ორიოდე ეპიზოდს, პირველი 45 წუთის განმავლობაში როინ კვასხვაძესა და მინდია ბობღიაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონიათ.
მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა სათამაშო სისწრაფეს მოუმატეს და გურამ სამუშიასა და თორნიკე გრიგალაშვილის ფლანგებიდან განხორციელებული მწვავე რეიდების შემდეგ სტუმართა კიპერი ტაიმის დებიუტშივე შეაწუხეს. ლანჩხუთელებმა მასპინძლებს კობა შალამბერიძის შორიდან გასროლით უპასუხეს. მალევე ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს გურამ სამუშია გახლდათ, თუმცა აშკარა გოლს ლანჩხუთელები მათივე მეკარის სასწაულმა რეაქციამ გადაარჩინათ. გატანის შანსები სანდრო გურულსა და თედორე გრიგალაშვილსაც მიეცათ, თუმცა გოლი არც ამ ეპიზოდებში გავიდა.
ანგარიშის გახსნის შანსი ლანჩხუთელებსაც მიეცათ, თუმცა, მას შემდეგ რაც იმერელთა ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის შედეგად როინ კვასხვაძესთან პირისპირ ალექსანდრე კოშკაძე აღმოჩნდა, საკუთარი გუნდის გადარჩენის მისია ისევ ლათინოამერიკელმა ფეხბურთელმა შეასრულა - მარგველთა ცენტრალურმა მცველმა სტუმართა შემტევი ოსტატურად და, რაც მთავარია, წესების დაცვით უბურთოდ დატოვა.
დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა - აჯურუ-გურული-კუტალია-ქობალიას მონაწილეობით განხორციელებული უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას სახიფათო პოზიციაზე გაყვანითა და მისივე ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. დარჩენილ დროში გუნდებმა სახიფათო იერიშები კი გაცვალეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს - 1-0.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის - დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, წინა მატჩებისაგან განსხვავებით, დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. არ მიყვარს ფეხბურთელთა გამოყოფა, მთავარია, რომ გუნდმა მის წინაშე დასახული ამოცანა შეასრულა. ბოლომდე გახარჯვისათვის მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო... შემადგენლობაში ადგილს ჩვენი გუნდის ის ფეხბურთელი დაიმსახურებს, ვინც მზადების პროცესში მაქსიმალურად გაიხარჯება.”.