27.09.2013
ლანჩხუთელებთან მატჩის წინათქმა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" უმასპინძლებენ.
კვირას გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე სახელოვანი წარსულით იწონებს თავს. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაღწევა მოახერხა და საბჭოთა ფეხბურთის ელიტაში რამდენიმე სეზონი გაატარა. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი, სწორედ "გურიამ" მოახერხა ეროვნული თასის პირველსავე გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება - ფინალურ შეხვედრაში გურულებმა ანგარიშით 1-0 სოხუმის "ცხუმი" დაამარცხეს.
დღემდე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ლანჩხუთლებს ეროვნული ჩემპიონატის ერთსა და იმავე დივიზიონში არასდროს უასპარეზიათ და ერთმანეთს პირველად სწორედ 29 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში, დაუპირისპირდნენ.
2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.
მოულოდნელად დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი - ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა სენსაციური მარცხი 2-3 (გოლები - ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებმა მოიპოვეს.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის კვირას, 29 სექტემბერს, გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენს საიტზე გადაიცემა ...
|