2013 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ცხინვალელთა გოლკიპერ გიორგი ნადირაძის კართან რამდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო შეტევა განახორციელეს. არადა, ლევან კუტალიას, ლევან შარიქაძეს, გიორგი ადამიასა და ირაკლი ქობალიას მიეცათ თავის გუნდის დაწინაურების შანსები. შედეგად, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ადამიას ზუსტი გადაცემის შემდეგ თავის გუნდის დაწინაურების მშვენიერი შანსი მიეცა გურამ სამუშიას, თუმცა მისი დარტყმული მასპინძელთა კარს ოდნავ ასცდა. მალევე კარის აღების შანსი მიეცა თავად გიორგი ადამიას, მაგრამ მას დარტყმა დაუგვიანდა. გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ გურამ სამუშია და ირაკლი ქობალია, თუმცა ორივეს უმტყუნა მიზანმა, ლევან შარიქაძის დარტყმა კი გიორგი ნადირაძემ მოიგერია...
ოდნავ არაზუსტი გამოდგა თედო გრიგალაშვილისა და ირაკლი ქობალიას თავურებიც. გიორგი ადამიას დარტყმის შემდეგ კი მასპინძლები გოლკიპერთან ერთად იღბალმაც გადაარჩინა. გოლის გატანა ზედიზედ ორჯერ შეეძლო ავთო ენდელაძეს, თუმცა პირველ ეპიზოდში მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა, ხოლო მეორეში მასპინძლები აშკარა გოლისაგან ცხინვალელთა გოლკიპერმა გადაარჩინა. მეორე ტაიმი იმერელთა უდიდესი უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა საბოლოდ სტუმრები სახიფათო მომენტების გაფლანგვის გამო დაისაჯნენ და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - არბიტრ ლაშა სილაგავას მიერ დამატებულ ბოლო, მესამე წუთზე მიზანს კახაბერ კაკაშვილის შორეულმა დარტყმამ მიაღწია. დასანანი მარცხი 0-1.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი: “მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. როცა ამდენი საგოლე შანსიდან ერთსაც ვერ იყენებ, რთულია რამის თქმა. “დილასთან” კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ “სპარტაკი” იოლად არაფერს დაგვითმობდა და ბრძოლა იქნებოდა საჭირო.
...ჩვენი მთავარი მინუსი ისაა, რომ მხოლოდ 4 კვირა გვქონდა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. შემადგენლობა თანდათან იკრიბებოდა: აჯურუ და გურული გვიან შემოგვიერთდნენ, ენდელაძესა და სამუშიას ასაკობრივ ნაკრებებში ჰქონდათ თამაშები. ეს ყველაფერი მოქმედებს”.
ვლადიმერ ხაჩიძე: “სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გაგვიმართლა. წინა მატჩებში კი რამდენჯერმე იღბალმა გვაქცია ზურგი: “ტორპედოსთან” 4-5 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ, “მეტალურგთან” გოლი არ ჩაგვითვალეს... დღეს პირიქით, მეტოქეს არ გაუმართლა.
...წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდა. მგელაძესა და მეგრელიშვილს ტრავმა აქვთ. შონიას ერთი კვირაა არ უვარჯიშია და დღესაც არ გავიყვანდი მოედანზე, მაგრამ შევატყვე, რომ ნახევარდაცვაში ძალიან არეულად გვქონდა საქმე.
...გვაქვს რგოლებში საკადრო პრობლემა. ერთადერთი, მეკარის პოზიციაა, რომელიც არ მაფიქრებს. ველოდებით ვახტანგ ფანცხავას ათამაშებას. ის თუ სათანადო კონდიციებში შევა, დიდად დაგვეხმარება და ბევრ გუნდს გავუწევთ კონკურენციას. სხვაგვარად გაგვიჭირდება: დღეს, ფაქტობრივად, პირველი გოლი გავიტანეთ სეზონში. სულ მეორეა, მაგრამ ის ერთი საკუთარ კარში შეაგდო მეტოქის მცველმა”.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მარგველები ბოლნისის "სიონს" ესტუმრებიან. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.