20.09.2013
ციფრებში ასახული ზესტაფონურ-ცხინვალური ისტორია
შაბათს, 21 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეექვსე ტურის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში ერთმანეთს ცხინვალის "სპარტაკი" და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდებიან.
ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან "ზესტაფონის" პირველ დაპირისპირებას 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი - მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0; 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე "ცხინვალი" დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის "სპარტაკს", ამ კლუბის წინააღმდეგ პირველად მარგველებმა 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ცხინვალის "სპარტაკს" ერთმანეთში 15-ჯერ უასპარეზიათ: 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 6-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 40:15.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ მარგველთაგან ცხინვალელთა კარში გოლები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს გაუტანიათ - ორივე ექს-ზესტაფონელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი "ზესტაფონის" მაისურით ასპარეზობისას "სპარტაკის" კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული ...
ცხინვალის "სპარტაკთან" შაბათს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა მოემსახურება, 16:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში 18:00 საათიდან მატჩის ვიდეოჩანაწერის ნახვა იქნება შესაძლებელი.
|