19.09.2013
ჩვენი მეტოქე - ბოლნისის ”სიონი”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 19 სექტემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ბოლნისის “სიონი” ერგო.
უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელებსა და ბოლნისელებს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზიათ. სამაგიეროდ, ორივე ეს კლუბი ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონისა" და ბოლნისელთა ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 25 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა - 15 მოგება, 6 ფრე (საინტერესოა, რომ ექვსივეჯერ 0-0) და 4 წაგება. ყვირილისპირელები ფლობენ საგრძნობ უპირატესობას გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობის კუთხითაც - 31:9.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე, რიგით XXIV გათამაშების მერვედფინალური სტადიის ორივე მატჩი შემოდგომაზე გაიმართება. “სიონი” - “ზესტაფონის” წყვილის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონზე 25 სექტემბერს ჩატარდება (დასაწყისი - 16:00 საათზე), ხოლო განმეორებით შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი 30 ოქტომბერს უმასპინძლებს.
|