18.09.2013
"ზესტაფონი" მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონელები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკს" ესტუმრებიან.
ვანელებთან სათასო მატჩის დასრულებისთანავე, ზესტაფონელთა დამრიგებელმა რატკო დოსტანიჩმა დავით აბაშიძის სახელობის არენაზე ის ფეხბურთელები ავარჯიშა, ვისაც გუშინდელ შეხვედრაში არ უასპარეზიათ. დღეს კი გუნდი უკვე სრული შემადგენლობით კლუბის ბაზაზე შეუდგა მზადებას. აღსანიშნავია, რომ მარგველების პირველ გუნდთან ერთად ისევ ვარჯიშობს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ირაკლი მესხია.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ცხინვალელები საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებენ. ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ცხინვალელებთან გასამართი მატჩი შაბათს, 21 სექტემბერს გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...
|