2013 წლის 17 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები.დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ვანის საფეხბურთო კლუბ ”სულორს” უმასპინძლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმით გამოწვეული უქმობისა და თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა რიგებში მინდორს დაუბრუნდა მარგველთა სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი. მან დღევანდელი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ჩვეულებისამებრ აქტიური და სასარგებლო გახლდათ...
უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელთა დამრიგებელმა რატკო დოსტანიჩმა, რამდენიმე დღის წინ გორელებთან გამართული მატჩის შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 10 ფეხბურთელი დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება შედარებით დასვენებულ ფეხბურთელებს მისცა.
გასაკვირი არაა, რომ მასპინძლები მთელი მატჩის მანძილზე დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიშის გახსნა მათ მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე მოახერხეს - მიხეილ სარდალიშვილის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად სანდრო გურულმა აქცია.
მეორე ტაიმის დებიუტში (55-ე წუთი) ვანელთა კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა - ამჯერად სტუმართა საჯარიმოში წესის დარღვევით ავთო ენდელაძე შეაჩერეს, საგოლე დარტყმა კი იგორ იელიჩმა შეასრულა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში ზესტაფონელებმა კიდევ სამჯერ დაამწუხრეს "სულორი" - 85-ე წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სანდრო გურულმადუბლი გაიფორმა, 87-ეზე თავი გამოიჩინაოთარ კვერნაძემ, 90-ე წუთზე კი თავის გოლი საბა ლომიამ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-0.