მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” უმასპინძლა.
"ზესტაფონმა" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქვეყნის პირველობის სასტარტო ტურებში ქულების გაფლანგვის შემდეგ, ზემოიმერლებმა სეზონში პირველი გამარჯვება გორის "დილასთან" დაპირისპირებაში იზეიმეს. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა მასპინძელთა სოლიდური სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათი დამსახურებული გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
მარგველები უპირატესობას მატჩის დებიუტშივე დაეუფლნენ და ერთმანეთის მიყოლებით კარის აღების კარგი შესაძლებლობები გიორგი ადამიას, ირაკლი ქობალიას და გურამ სამუშიას მიეცათ. თუმცა ანგარიშში დაწინაურება მასპინძლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს - 40-ე წუთზე გიორგი ადამიას მიერ გორელთა საჯარიმოში ოსტატურად ჩაწოდებული ბურთი აუღებელი თავურით სტუმართა კარის ბადეში ირაკლი ქობალიამ გადაგზავნა. სულ რაღაც ორ წუთში ანგარიშის გაზრდა გურამ სამუშიას მართებდა, მაგრამ ნუკრი რევიშვილთან პირისპირ გასული ზესტაფონელის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში გორელთა გოლკიპერს ზედიზედ ორჯერ, ლევან კუტალიას და ირაკლი ქობალიას დარტყმების შემდეგ, მოუწია საკუთარი გუნდის კარის ხიფათისაგან ხსნა. 64-ე წუთზე კი ნუკრი რევიშვილიც უძლური გამოდგა და ანგარიში ორამდე გაიზარდა - გორელთა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა ირაკლი ქობალიას ყუმბარისებრი დარტყმით დაგვირგვინდა. დარჩენილ დროში ანგარიშის სათავისოდ შეცვლასთან უფრო ახლოს ისევ მასპინძლები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტაბლოზე 2-0 დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ძალიან კარგი ფეხბურთი იხილა. დღევანდელი მატჩი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სატურნირო თვალსაზრისით. მინდა მივულოცო ჩვენს გულშემატკივარსა და გუნდს ესოდენ საჭირო გამარჯვება. ფეხბურთელებმა ამ გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმუმი გაიღეს. ახლა მთავარია, რომ ჩვენმა გუნდმა შემდეგ მატჩებშიც ასეთივე შემართებით იასპარეზოს”.