2013 წლის 6 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის ბინადარ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში იმერლებმა ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი მოისაკლისეს. საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში მივლინებული ზესტაფონელთა სამეულისა (როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი და თედორე გრიგალაშვილი) და ტრავმირებული გიორგი ჭანკოტაძისა და იგორ იელიჩის არყოფნას ვახტანგ ჭანტურიშვილის, ბორისლავ ტერზიჩის, ნოდარ კიკნაველიძის, ლევან შარიქაძისა და გიორგი კაჭკაჭიშვილის მიკროტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობაც დაემატა...
შეხვედრა სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - 5-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ კარიდან შორს გამოსულ ზესტაფონელთა გოლკიპერს დაასწრო და თავის გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს - 34-ე წუთზე სანდრო გურულის მიერ ჩამოწოდებული კუთხური ზუსტი თავურითმალხაზ გაგოშიძემ გოლად აქცია.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებს თავის უპირატესობა ეჭვქვეშ ტაიმის არცერთ მონაკვეთში არ დაუყენებიათ. ზესტაფონელებმა არაერთი სახიფათო იერიში განახორციელეს "მერანის" კართან, თუმცა კარის აღება მხოლოდ ორ ეპიზოდში მოახერხეს - 63-ე და 64-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი ირაკლი ქობალიამ გაიფორმა. ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.