2013 წლის 1 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა მარგველთა მორიგ დერბის უმასპინძლა - ერთმანეთს საჩხერის საფეხბურთო კლუბი ”ჩიხურა” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის საწყისი მონაკვეთი საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა და სწორედ ამ მონაკვეთში ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა ფეხბურთის მოყვარულებმა დღევანდელ დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლიც იხილეს - 7-ე წუთზე საჩხერელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბესიკ დეკანოიძის კარგ გადაცემას გიორგი დათუნაიშვილი გამოეხმაურა და ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეში გადაგზავნა...
გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა მოუმატეს და ტაიმის დასრულებამდე ანგარიშის გათანაბრების შანსები ირაკლი ქობალიასა და რენე ფერეირას მიეცათ, თუმცა პირველ შემთხვევაში "ჩიხურა" მეკარე რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა, ხოლო მეორეში ბურთი ძელმა უკუაგდო. გოლის გატანის შანსი საჩხერელ რატი წინამძღვრიშვილსაც მიეცა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ბურთზე უპირობო კონტროლი დააწესეს და "ჩიხურას" კარის გასაღების ძებნას შეუდგნენ. გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ ნაემეკა აჯურუ და ირაკლი ქობალია, თუმცა ორივეს დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მალევე სანდროგურულმა, რომელმაც ფეროელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, საჩხერელთა გოლკიპერთან პირისპირ გიორგი ადამია დატოვა, მაგრამთავის გუნდის აშკარა გოლისაგან ხსნა რევაზ თევდორაძემ მოახერხა.
75-ე წუთზე ზესტაფონელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ - მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ ვახტანგ ჭანტურიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა. ამის მიუხედავად, მატჩს ბოლომდე ტერიტორიულ უპირატესობას ისევ "ზესტაფონის" ფეხბურთელები ფლობდნენ, თუმცა საბოლოოდ ამ უპირატესობის გატანილ გოლში გარდასახვა ვერ მოახერხეს - დასანანი მარცხი ანგარიშით 0-1.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ანგარიშშიც ჩამოვრჩით. მეორე ტაიმში შევეცადეთ მატჩის ბედის შემოტრიალებას, მაგრამ დაცვაში ჩამჯდარ მეტქეს ვერაფერი მოვუხერხეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ფეხბურთელების ნაწილს საკუთარი თავის რწმენა აკლია. მე უფრო მჯერა მათი, ვიდრე მათ საკუთარი შესაძლებლობებისა. თანაც ჩვენი ფეხბურთელები არათანაბრად არიან მომზადებულები, ვინაიდან იცით, გვიან მოგვიწია შეკრების დაწყება. მომავალში შევეცდებით არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ”.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში "ზესტაფონი" გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" უმასპინძლებს.