30.08.2013
მეოთხე ტურის მატჩისთვის მზადება
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 1 სექტემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ზესტაფონელები ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდებიან.
ზესტაფონელთა პირველი გუნდი ზესტაფონში 28 აგვისტოს შეიკრიბა და მორიგი იმერული დერბისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. უნდა ითქვას, რომ მომავალი მატჩისთვის გუნდი ფაქტიურად სრული შემადგენლობით ემზადება, ერთადერთი (თუ არ ჩავთვლით იგორ იელიჩს, რომელიც სერბეთში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს გადის) გამონაკლისია გიორგი ჭანკოტაძე, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდება.
მიმდინარე ჩემპიონატის კალენდრის თანახმად, ზემოიმერული კლუბების მორიგი დაპირისპირება საჩხერეში უნდა გამართულიყო, თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით და მასთანვე შეთანხმებით, საკუთარ სტადიონზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, "ჩიხურა" საშინაო მატჩებს ქუთაისში ატარებს.
ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის საჩხერელებთან გასამართი მატჩი კვირას, 1 სექტემბერს, გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება და მას ეროვნული კატეგორიის არბიტრი ჯენერი ხორავა მოემსახურება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...
|