Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.08.2013

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა პირველი ქულა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ერთმანეთს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრის საწყისი მონაკვეთი სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა რუსთაველთა კართან რამდენიმე იერიში განახორციელეს და 20-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ - იმერული გუნდის დებიუტანტის ნაემეკა აჯურუს დარტყმა მასპინძელთა კარის ხარიხამ მოიგერია. მალევე იმერლებს კარის აღების კიდევ ერთი შანსი მიეცათ - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის კარგი ჩაწოდების შემდეგ გურამ სამუშიამ და ირაკლი ქობალიამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება ვეღარ მოახერხეს. ამას "მეტალურგის" სახიფათო იერიში მოჰყვა - როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასული დავით კირკიტაძის დარტყმული მარგველთა გოლკიპერმა მოიგერია. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა სახიფათო მომენტები კიდევ ერთხელ გაცვალეს, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს როინ კვასხვაძის კარს, თუმცა სტუმრებმა თამაშის გათანაბრება მალევე მოახერხეს და ვახტანგ ჭანტურიშვილისა და თორნიკე გრიგალაშვილის ოდნავ არაზუსტი დარტყმებით უპასუხეს რუსთაველებს. ამის შემდეგ გუნდებმა რევაზ გეწაძისა და რენე ფერირას მიერ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმები გაცვალეს, თუმცა ორივე შემთხვევაში ოსტატურად ითამაშეს მეტოქე გუნდების გოლკიპერებმა. შედეგად, მატჩი დასრულდა ფრედ - 0-0.

 

მატჩის შემდეგ:

რატკო დოსტანიჩი: “რთული შეხვედრა იყო.  ჩვენ ვიცოდით, რომ კარგ გუნდთან მოგვიწევდა თამაში, გუნდთან, რომელიც გამართულ ფეხბურთს თამაშობს და განსაკუთრებით სახიფათოა კონტრშეტევების დროს. თუ ზოგად შეფასებს გავაკეთებ, იმ სამი შეხვედრიდან, რომელიც ჩემპიონატში გავმართეთ, დღეს ყველაზე ცუდად გამოვიყურებოდით, რამაც კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია...

რაც შეეხება სამუშიასა და ენდელაძის თამაშს, მათი არასტაბილურობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამო, მათ ფაქტიურად გუნდთან ერთად შეკრება არ გაუვლიათ, თუმცა ორივე მათგანს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და დროა საჭირო იმისათვის, რომ თავი ბოლომდე წარმოაჩინონ. შესაძლაო, დღეს მათი საუკეთესო შეხვედრა არ იყო, მაგრამ მათი საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ...

რაც შეეხება აჯურუს, მე მას სერბეთიდან ვიცნობ, კარგი ჩამშლელი ფეხბურთელია, ზუსტად ისეთი, როგორიც "ზესტაფონს" სჭირდებოდა. ის სულ რაღაც ორი დღეა რაც შემოგვიერთდა და გუნდთან შესაგუებლად დრო ჭირდება.” 

 

 

26.08.2013. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 1 საექტემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქუთაისის ცენტრალური სტადიონი მარგველთა მორიგ დერბის უმასპინძლებს - ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდებიან..

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013