|   25.08.2013             ზესტაფონურ-რუსთავური ისტორია ციფრებში                     ორშაბათს    საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”      ეროვნული პირველობის   მორიგ მატჩს გამართავს.         რუსთავის სტადიონი "ფოლადი" ადგილობრივი საფეხბურთო კლუბისა და ზესტაფონელთა მორიგ, რიგით  ოცდამეორე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს -  საქართველოს XXV    ეროვნული ჩემპიონატის   მესამე ტურის შეხვედრაში   "მეტალურგი" "ზესტაფონს" დაუხვდება.
     რუსთავის "გორდასთან"   ქალაქ ზესტაფონის  წარმომადგენელი  კლუბების  დაპირისპირებათა ისტორია 1991 წლიდან (რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი) მოყოლებული იღებს სათავეს - მეტალურგთა ორი ქალაქის გუნდების შეხვედრები ყოველთვის პრინციპული და დაძაბული ხასიათისა გახლდათ. წარმატებას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე აღწევდა და 1991 - 2003 წლებში გამართული მატჩების დაჯამებით იმერელთა მინიმალურ უპირატესობას მივიღებთ.   რაც შეეხება  რუსთაველებთან ("ოლიმპი" და "მეტალურგი") საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"  ურთიერთობებს  - სულ,  ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები 21-ჯერ დაუპირისპირდნენ   ერთმანეთს, მაგრამ ერთ მატჩში შედეგი არ დაფიქსირებულა (ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე   წუთამდე 1:1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო   სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა). დანარჩენ მატჩებში 8-ჯერ გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 6  დასრულდა ფრედ, 6  კი მოიგეს  რუსთაველებმა.  გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც  მცირე უპირატესობა სწორედ იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ - 21:15.     ხშირი გახლდათ რუსთავურ-ზესტაფონური "ბრძოლები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც.  უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6  სათასო შეხვედრაში 4-ში  იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2  მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.    საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელთა კარში სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია -  დღესდღეობით აზერბაიჯანული "ყარაბახის"  ფორვარდს  რუსთაველთა კარში  6  გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით - 8). ჯაბა  დვალს "ოლიმპისა" და "მეტალურგის" კარი  3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით - 4), 2-2-ჯერ  კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე,     თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია...    რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგთან"  ორშაბათს, 26 აგვისტოს, გასამართი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.    |