2013 წლის 22 აგვისტოს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური სტადიის პირველი მატჩები.დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ვანის საფეხბურთო კლუბ ”სულორს” დაუპირისპირდა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 15 აგვისტოს გამართული კენჭისყრის შედეგად, დღევანდელი შეხვედრა ვანში უნდა გამართულიყო, მაგრამ გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ვანელები და ზესტაფონელები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ მეთექვსმეტედფინალური წყვილის ორივე დაპირისპირებას "დავით აბაშიძე" უმასპინძლებდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელები ნომინალური "სტუმრის" სტატუსით წარსდგნენ საკუთარი პუბლიკის წინაშე.
მატჩი ზესტაფონელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 5-0 დასრულდა. პირველ ტაიმში ზემოიმერლებმა მხოლოდ ერთხელ გაიტანეს - ანგარიში ვახტანგ ჭანტურიშვილისზუსტი შორეული დარტყმის შემდეგ37-ე წუთზე გაიხსნა. მეორე ტაიმში კი მარგველთა უპირატესობა უპირობო გახლდათ - 53-ე წუთზე საბა ლომიამ ზუსტი თავურით მეორედ დაამწუხრა ვანელთა გოლკიპერი დავით ხურციძე; 63-ეზე ოთარ კვერნაძემ მესამე გოლი გაიტანა; 68-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილის სოლო-რეიდისა და ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში ოთხამდე გაიზარდა; 80-ეზე კი მიხეილ სარდალიშვილმა დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება. როგორც უკვე მოგახსენეთ, "ზესტაფონისა" და "სულორის" წყვილის მეორე დაპირისპირებას ისევ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.