20.08.2013
ინტერვიუ რატკო დოსტანიჩთან
სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა "ზესტაფონი" ამ სეზონის წინ ჩაიბარა. იმერულ კლუბს პრობლემები ჰქონდა და სეზონისწინა სამზადისი სხვა გუნდებზე გვიან დაიწყო.
ეროვნული ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში "ზესტაფონმა" ქულაც კი ვერ აიღო, თუმცა ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა.
53 წლის დოსტანიჩი როგორ აუღებს ალღოს "ზესტაფონის" გაწვრთნას და ქართულ ჩემპიონატს, მოგვიანებით გამოჩნდება, მანამდე კი ის "ლელოს" კითხვებს პასუხობს...
- როგორია პირველი შთაბეჭდილებები საქართველოს ჩემპიონატზე, აქაურ გარემოზე?
- შედეგი ჯერჯერობით უარყოფითი გვაქვს, ჩემპიონატში ორივე მატჩი წავაგეთ, თუმცა, ჩემი აზრით, საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ამ ორ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ იმის იმედი გვაქვს, რომ გუნდის შექმნის მიმართულებით სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.
- "ზესტაფონი" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასიც მოიგო, სულ მოწინავეთა შორის იყო... მიმდინარე სეზონში გუნდს რა მიზანი აქვს დასახული?
- მიზანი სამეულში მოხვედრაა. ამას გარდა, ჩვენი ამოცანა ისიცაა, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ისეთი, "ზესტაფონის" გულშემატკივარი კმაყოფილი რომ დარჩეს. შედეგის გარდა, ესეც მთავარია.
- ქართულ გუნდებზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- ევროტურნირზე "დილასა" და "დინამოს" თამაშს ვუყურე. მინდა გითხრათ, რომ ორივე გუნდს კარგი დონე უკავია. "დილამ" სერიოზული ფეხბურთი აჩვენა "ჰაიდუკთან", რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი გუნდი. "დინამოსაც" და "დილასაც" წარმატებას ვუსურვებ ევროსარბიელზე.
რაც შეეხება "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" საკვირაო შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს ევროპული დონის შესაფერისი თამაში იყო. ვიცოდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ტექნიკაში კარგად არიან გაწაფულები და რომ ბევრი ქართველი თამაშობს უცხოეთში. საქართველოს ჩემპიონატზე საერთო შთაბეჭდილების მისაღებად სხვა გუნდების თამაშიც უნდა ვნახო.
- როგორ ატყობთ, ამ ეტაპზე ყველაზე უფრო რომელ რგოლში სჭირდება "ზესტაფონს" გაძლიერება?
- არ მსურს კონკრეტული რგოლის გამოყოფა; ისე კი, არ არსებობს პოზიცია, რომლის გაძლიერებაც გუნდს აწყენდა. ცხადია, სელექცია უწყვეტი პროცესია და ჩვენც გეგმაზომიერად ვაპირებთ მის წარმართვას.
- კარგი ფეხბურთელების აყვანა ფინანსებთან არის დაკავშირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფინანსურად მაინცდამაინც არც სერბულ კლუბებს ულხინთ. ამ მხრივ როგორ შეადარებდით ქართულ და სერბულ გუნდებს?
- მართალი ხართ, პრობლემები იქაც აქვთ, თუმცა ქართული და სერბული კლუბების შედარება მაინც რთული იქნება.
- როცა "ზესტაფონში" მუშაობა გადაწყვიტეთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ეს ნაბიჯი გადაგადგმევინათ?
- როცა "ზესტაფონის" პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს ვესაუბრე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ - ჩვენ შემოქმედებითი ფეხბურთის მომხრენი ვართ. მსურს, მაქსიმალურად შევუწყო ხელი ფეხბურთელების წინსვლას, გუნდის და ფეხბურთელების ზრდის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო ამოცანაა და მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებაა. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით "ზესტაფონის" დუბლების განვითარებას. ძნელი სამუშაო გველის. ძალიან გვინდა, რომ დუბლშემადგენლობიდან მნიშვნელოვანი შევსება მივიღოთ.
- რომელია თქვენი საყვარელი ტაქტიკური განლაგება და ამ ეტაპზე "ზესტაფონში" რომელ სქემაზე აპირებთ დაყრდნობას?
- ყველა მწვრთნელი ტაქტიკას ფეხბურთელების კონტინგენტის მიხედვით აყალიბებს. მე 4-4-2 სქემის მოყვარული ვარ და "ზესტაფონშიც" ამ მომენტისთვის ოპტიმალურად სწორედ ეს განლაგება მიმაჩნია. როგორც კი ამ მონახაზს კარგად ავამუშავებთ, მერე უკვე შესაძლებელი გახდება 4-3-3 და 4-2-3-1 სისტემების გამოყენებაც.
- ხედავთ დღევანდელ "ზესტაფონში" ისეთ ბირთვს, რომელიც უნდა იყოს დასაყრდენი გუნდის მშენებლობისთვის?
- ორი გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ - გიორგი ადამია და ილია კანდელაკი, გვყავს კიდევ როინ კვასხვაძე. ისინი, როგორც მოთამაშეები და პიროვნებები, ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენენ.
- ერთი არასაფეხბურთო კითხვაც - საქართველოს დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, სერბეთი კი რუსეთის მოკავშირედ ითვლება და ბევრს მიაჩნია, რომ სერბეთში ცუდი თვალით უყურებენ საქართველოს. ეს მართლაც ასეა?
- არ არის ასე. როცა "ზესტაფონთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, ვიცოდი, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში მომიწევდა მუშაობა და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არის. ისე კი, ვისაც სერბეთში ვიცნობ, არავისგან მსმენია, საქართველოზე აუგი ეთქვას. "ზესტაფონი"-"ტორპედოს" მატჩზე ვნახე, რომ ჩვენს ფანებს სერბეთის დროშაც ჰქონდათ გამოფენილი და ვფიქრობ, ესეც საყურადღებოა...
|