Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

18.08.2013

 

 

 

 

 

 

 

პირველი საშინაო მატჩი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 17 და 18 აგვისტოს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დღეს, ტურის დასკვნით მატჩში, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა.

 

 

მატჩის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა როინ კვასხვაძემ და მაქსიმე ქვილითაიამ, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, ახალი საფეხბურთო სეზონის ზესტაფონში დაწყების ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.

 

შეხვედრის დასაწყისი ზესტაფონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს - 8-ე წუთზე როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა ნიკა საბანაძემ თავის გუნდი ახლოდან დარტყმით დააწინაურა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად, მასპინძლებმა გააგრძელეს სტუმართა კარის გასაღების ძიება და მალევე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 14-ე წუთზე რენე ფერეირას წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად გიორგი ადამიამ აქცია. რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა დაწინაურებაც მოახერხეს - მიმდინარეობდა შეხვედრის 39-ე წუთი, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ავთო ენდელაძის ჩაწოდებული საკუთარ კარში გიორგი ხიდეშელმა ჩაჭრა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ისევ გათანაბრდა - 58-ე საჯარიმოს მისადგომებიდან ნიკა საბანაძის დარტყმული როინ კვასხვაძემ ხელში ვერ შეიმაგრა და თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანაში ხელი ვეღარავინ შეუშალა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ქუთაისელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს - გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები ერთმანეთის მიყოლებით მიშიკო სარდალიშვილს (ორჯერ), ირაკლი ქობალიას და რენე ფერეირას შეექმნათ, თუმცა შეხვედრის ამ მონაკვეთში ზესტაფონელებს ფატალურად არ უმართლებდათ. სამაგიეროდ, პირველივე შანსი გოლად აქციეს სტუმრებმა - 79-ე წუთზე ნიკა საბანაძემ თავის გუნდი ულამაზესი შორეული დარტყმით კიდევ ერთხელ დააწინაურა.

 

"ზესტაფონის" ფეხბურთელებს ამის შემდეგაც მიეცათ ანგარიშის გათანაბრებისა და მატჩის გადარჩენის რამდენიმე შანსი, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მარგველებმა ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს - 2-3.

 

მატჩის შემდეგ:

ჟერარდ სარაგოსა (“ტორპედო”):  “ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, ორივე გუნდი ჩინებულად გამოიყურებოდა. ეს არ იყო შეხვედრა, როდესაც პირველ ტაიმს ერთი გუნდი ატარებს უკეთესად და მეორე ტაიმს მეორე გუნდი. მე ვნახე პირველი ტურის ყველა მატჩი, ეს პაექრობა ყველაზე მაღლა იდგა მთელი თავით.  ჩვენ მეტოქესთან შედარებით მცირედით გაგვიმართლა და გავიმარჯვეთ”.

 

რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”):  “მე დავეთანხმები ჩემს კოლეგას, მატჩი მართლაც ლამაზი გამოვიდა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. დღეს ვეცადეთ უფრო შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა გვყოლოდა. მთლიანობაში მეტოქემ უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. გაძლიერების მიზნით, ჩვენ ახალი ფეხბურთელების ძიებაში ვართ. შესაძლოა დავიმატოთ კიდეც. ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს გული დავწყვიტეთ”.

 

 

18.08.2013. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 2-3

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013