15.08.2013
ექსპერიმენტები და "საპოვნელას" სტუმრობა
2013 წლის 15 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საკონტროლო მატჩი გამართა. კლუბის ბაზაზე ჩატარებულ სპარინგ-შეხვედრაში ზესტაფონელები პირველი ლიგის წარმომადგენელ თერჯოლის საფეხბურთო კლუბ ”საპოვნელას” ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაუპირისპირდნენ.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში არ უასპარეზია შემადგენლობის ძირითად ბირთვს. იმერელთა 13 ფეხბურთელმა (კაჭკაჭიშვილი, კანდელაკი, სარდალიშვილი, ადამია, ფერეირა. ტერზიჩი, ქობალია, კუტალია, შარიქაძე, თედო გრიგალაშვილი, სამუშია, ჭანტურიშვილი და ენდელაძე) მატჩის დაწყებამდე გამართულ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. არ უასპარეზია არც როინ კვასხვაძეს, რომელიც სანაკრებო ვოიაჟიდან ხვალ დაბრუნდება. თერჯოლელებთან სათამაშოდ რატკო დოსტანიჩმა ძირითადად ახალგაზრდები და კლუბის დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები იხმო.
შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და მას 150-მდე ადგილობრივი და თერჯოლელი ქომაგი დაესწრო. ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:
პირველი ტაიმი: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგაძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე, რაჟამაშვილი, რეკრუკი, ჭანკოტაძე, ეგუტიძე, კვერნაძე, ლომია.
მეორე ტაიმი: გიორგაძე, ახალაძე, ნაცვლიშვილი, რობაქიძე, კუპრაშვილი, შალამბერიძე, გოგია, ჩუბინიძე, მაკარიძე, კვარაცხელია, მიქელთაძე.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა - უკვე 2-ე წუთზე თავის გუნდი "საპოვნელას" რიგებში მოასპარეზე ლევან შავგულიძემ დააწინაურა ამის შემდეგ შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ თერჯოლელთა კართან შექმნილი მომენტების სიმრავლის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა ...
|