15.08.2013
ნიგერიელი ახალწვეული მარგველთა რიგებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 26 წლის ახალწვეულის სახელია ნაემეკა აჯურუ. ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო წლებში სერბული ”ვოივოდინას” რიგებში ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:
ნაემეკა აჯურუ - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.09.1986; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 75 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”ზამფარა იუნაიტედი” (გუსაუ, ნიგერია) - 2004, ”იავორი” (ივანიცა, სერბეთი) - 2004-2009, ”მეტალაცი” (გორნი მილანოვაცი, სერბეთი) - 2005-2006, ”ვოივოდინა” (ნოვი სადი, სერბეთი) - 2009-2013.
უნდა ითქვას, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებშიც საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ნოვი სადის საფეხბურთო კლუბი "ვოივოდინა" და თავად ფეხხბურთელი მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით წარიმართა და, საბოლოოდ, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებითა და ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ნაემეკა აჯურუს შორის კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია 15 აგვისტოს ქალაქ ნოვი სადში გაიმართა. ქართულ მხარეს ცერემონიაზე კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა. ნიგერიელ ნახევარმცველთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება. თავის ახალ გუნდს ნაემეკა აჯურუ სავიზო პროცედურების დასრულებისთანავე შეუერთდება.
|