იმერლებმა სეზონი ჩემპიონთან განცდილი მარცხით დაიწყეს
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გამართა. თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" გამართულ შეხვედრაში ზემოიმერული გუნდი ადგილობრივ ”დინამოს” ესტუმრა.
ბოლო სეზონების ტრიუმფატორების, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამოსა" და ექს-ჩემპიონი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შეხვედრის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა გიორგი ლორიამ და როინ კვასხვაძემ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების აღსანიშნავად, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამის შემდეგ კი "დინამო-არენაზე" წუთიერმა დუმილმა დაისადგურა - სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ პატივი ხუთი წლის წინ გარეშე მტრის შემოსევის შედეგად დაღუპულ გმირთა სულებს მიაგო...
შეხვედრის საწყისი მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტის შექმნა სტუმრებმა მოახერხეს - ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმა დინამოელთა კარს ოდნავ ზემოდან გადასცდა. მალევე დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ადამიაც აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმულის მოგერიება გიორგი ლორიამ მოახერხა. მასპინძლებმა გოლი 28-ე წუთზე გაიტანეს - ანგარიში გიორგი მერებაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ პირველი ტაიმის ბოლომდე მცირე ტერიტორიულ უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამაგიეროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა, ზესტაფონელები გააქტიურდნენ და უკვე 47-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ, რომელმაც თბილისელთა დაცვის ხაზის მოთამაშეთა უყურადღებობით ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და სახიფათო მომენტები ხან ერთ, ხანაც მეორე კართან იქმნებოდა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ზესტაფონელ გიორგი ადამიას მიეცა, როდესაც მან უძლიერესი დარტყმით ბურთი გიორგი ლორიას კარის მიმართულებით გაისროლა, "დინამოს" გოლკიპერმა ბურთს თვალიღა გააყოლა, მაგრამ ის მასპინძლების კარის ძელს მოხვდა.
შეხვედრა თითქოს ლოგიკური შედეგით, ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მიერ მატჩის ძირითადი დროისათვის დამატებულ მეოთხე წუთზე იმერული გუნდის დაცვის ხაზმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და გასული ჩემპიონატის ბომბარდირმა დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ თავის გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. დასანანი მარცხი ანგარიშით 2-1.
მატჩის შემდეგ:
რატკო დოსტანიჩი: "სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა. "დინამო" კარგი, ორგანიზებული გუნდია და პირველი ტაიმის ბოლოს ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, მომენტებიც გვქონდა. მართალია, "დინამოსაც" ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვჩივით. დინამოელებს ევროპის ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ".