09.08.2013
დუბლიორთა ტურნირის მძიმე სტარტი
2013 წლის 9 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირმა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს საქართველოს დედაქალაქში ესტუმრნენ.
თბილისის "დინამოს" და "ზესტაფონის" დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრით, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა, საქართველოში ახალი, 2013-2014 წლების საფეხბურთო სეზონი დაიწყო.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი (ჯიქიძე, 46), შალამბერიძე, რობაქიძე, ახალაძე (კუპრაშვილი, 55), გოგია (ვაჭარაძე, 71), ჭანკოტაძე, მაკარიძე, მიქელთაძე, კვარაცხელია (ჩუბინიძე, 29), ლაშხია (ეგუტიძე, 20).
შეხვედრის სადებიუტო მონაკვეთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა თანდათანობით უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და მას შემდეგ, რაც გიორგი ჭანკოტაძემ კარის აღების ძალიან კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, 21-ე წუთზე იმერელთა დაწინაურება თორნიკე გრიგალაშვილმა მაინც მოახერხა. ზესტაფონელთათვის სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოვლენები მათთვის არასასურველი სცენარით წარიმართა - 29-ე წუთისათვის სტუმართა მწვრთნელ გიორგი მიქაძეს, მას შემდეგ რაც ნიკა ლაშხიამ და ბადრი კვარაცხელიამ ტრავმები მიიღეს, ორი იძულებითი ხასიათის ცვლილების განხორციელება მოუწია. მალევე ანგარიში საყაიმო გახდა - 36-ე წუთზე კახა მეშველიანთან პირისპირ გასულმა საბა კვერნაძემ თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისი დასამახსოვრებელი სათამაშო უპირატესობის დაუფლებისათვის გამართული ბრძოლით გამოდგა. თუმცა ტაიმის მეოცე წუთისათვის მასპინძლები უკვე ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ იმერლებს - 55-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ "დინამო" ზუსტი თავურით დააწინაურა, ხოლო 64-ეზე საბა კვერნაძემ თავის გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდურიც გახადა. სტუმრებმა გაიბრძოლეს და დინამოელთა საჯარიმოში გიორგი ჭანკოტაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი 67-ე წუთზე გოლად ნიკა შალამბერიძემ აქცია.
ამის შემდეგ კი მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. 76-ე წუთზე სტუმართა დაცვის ხაზის მორიგი შეუთანხმებლობით კარგად ისარგებლა არჩილ მესხმა და ზესტაფონელთა კარი მეოთხედ აიღო. წერტილი კი დღევანდელ შეხვედრას 78-ე წუთზე გაგა მურცხვალაძის ზუსტმა დარტყმამ დაუსვა. ახალგაზრდა დინამოელების გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-2.
გამოყენებულია თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ფოტომასალა |