Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

07.08.2013

 

 

 

 

 

 

რატკო დოსტანიჩი: ჩვენი მთავარი მეტოქე დროა

 

 

 

 

 

 

 

 

 

თურქული შეკრებიდან დაბრუნებული "ზესტაფონი" რატკო დოსტანიჩმა გუშინ კლუბის ბაზაზე ავარჯიშა. წვრთნამ დაახლოებით საათნახევარს გასტანა. სერბი ძალიან საინტერესო კაცი ჩანს, გაუწვრთნია ბევრი გუნდი, მათ შორის "ცრვენა ზვეზდა" და "ლევსკი". ვარჯიშები ინტენსიური აქვს. ფეხბურთელებს დარიგებებს მკაცრად აძლევს, მაგრამ დროდადრო არც მსუბუქი იუმორი ავიწყდება.


"ზესტაფონი" გვიან შეიკრიბა, თუმცა საქართველოს ორგზის ჩემპიონს მაღალი მიზნები აქვს. გუნდში ახალწვეულები საკმაოდ არიან - გიორგი ადამია, ილია კანდელაკი, ირაკლი ქობალია, ბორისლავ ტერზიჩი და  რენე დოს სანტოსი. ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" სერბი თავკაცი თავაზიანად დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ "ზესტაფონის" თურქული შეკრება...
- ნაყოფიერი შეკრება იყო. პირობები ყველას მოგვეწონა. გვქონდა 4 ამხანაგური მატჩი.  ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ.

- კმაყოფილი ხართ იმ კონტინგენტით, რომელიც გუნდში დაგხვდათ?
- კი, ისინი ძალიან მონდომებულები არიან. მათი განწყობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭები ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენ გვინდა ბევრი რამ შევცვალოთ, მაგრამ ისიცაა, რომ ერთ დღეში ბევრი რამის შეცვლა წარმოუდგენელია. მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ.

- "ზესტაფონს" გაძლიერება არ სჭირდება?
- ჯერ ვინც გვყავს, იმ ხალხს უნდა დავეყრდნოთ. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება, მაგრამ დრო გვიჩვენებს, კონკრეტულად სად და როგორ გავძლიერდებით.

- ამ გუნდთან ერთად რის მიღწევაა შესაძლებელი?
- საქართველოში "ზესტაფონი" გრანდია და ცხადია, მიზნებიც შესაბამისი აქვს. ერთი ეგაა, სულ 4 კვირა მქონდა გუნდთან სამუშაოდ. დრო ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მეტოქეა.

- თქვენ ძალიან ხშირად იცვლიდით გუნდებს. რით იყო ეს გამოწვეული?
- ასე აეწყო. ზოგან ის არ მხვდებოდა, რასაც ველოდი, ზოგჯერ კი დიდი გუნდებიდან ვიღებდი შეთავაზებას. მაგალითად, "ცრვენა ზვეზდადან" და "ლევსკიდან". მათზე უარს ვერ ვიტყოდი.

- "ზესტაფონში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. რომელ მათგანს შეუძლია "გაისროლოს" მომავალ სეზონში?
- არის ასეთი 2-3 ფეხბურთელი. ახლა მათ გვარებს ვერ დავასახელებ. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არასოდეს გამომირჩევია ფეხბურთელები.

- როგორი ფეხბურთი გიყვართ?
- შემტევი, სანახაობრივი...

- ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "დინამოს" ეთამაშებით. როგორია თქვენი განწყობა ამ მატჩის წინ?
- "დინამო" დიდი გუნდია თავისი ისტორიით, ტრადიციებით და აწმყოთი. საქართველოს ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენს მომავალ მეტოქეს პატივს ვცემ, თუმცა შიში ჩემთვის უცხოა და არც ჩემს გუნდს შეეშინდება. ამის პირობას ვიძლევი.

 

ალეკო კაკაურიძე, www.psoni.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013