03.08.2013
უეფამ ავთო ენდელაძე გამოარჩია
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ 10 ფეხბურთელის სია შეადგინა, რომლებმაც ლიტვაში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ უეფას რეპორტიორთა ჩამონათვალში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავთო ენდელაძე მოხვდა.
“მართალია, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თქვა, რომ მისმმა გუნდმა თავის შესაძლებლობებზე უფრო სუსტად ითამაშა, მაგრამ ეს განცხადება საყრდენ ნახევარმცველ ენდელაძეს არ ეხება. სწორედ, 18 წლის ნახევარმცველის კარგი თამაშის დამსახურებაა, რომ ქართველებმა საფრანგეთის ნაკრებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს, ხოლო ჯგუფური ეტაპის დამამთავრებელ ტურში თურქების წინააღმდეგ (2:4), ენდელაძემ გოლი გაიტანა”- ასე დაახასიათა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ენდელაძე.
ენდელაძის გარდა, უეფას რჩეულთა შორის მოხვდნენ:
იასინ ბენზია (თავდამსხმელი, საფრანგეთი), ალექსანდერ მიტროვიჩი (თავდამსხმელი, სერბეთი), ადრიენ რაბიო (ნახევარმცველი, საფრანგეთი), გრატას სირგედასი (ნახევარმცველი, ლიტვა), პრედრაგ რაიკოვიჩი (მეკარე, სერბეთი), ხოსე როდრიგესი (ნახევარმცველი, ესპანეთი), ბერნარდუ სილვა (ნახევარმცველი, პორტუგალია), რეჯებ ნიაზი (ნახევარმცველი, თურქეთი), ლუკას ვაუდენბერგი (ნახევარმცველი, ჰოლანდია).
|