2013 წლის 2 აგვისტოს დაბა კარტეპეში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა. შეკრების ბოლო შეხვედრაში ქართველთა მეტოქე თურქმენეთის მოქმედი ჩემპიონი, ქალაქ ბალკანაბადის საფეხბურთო კლუბი ”ბალკანი” გახლდათ.
კარტეპეში გუშინ უხვად მოსული ნალექისა და სათამაშო მოედნების მდგომარეობის დამძიმების გათვალისწინებით, რატკო დოსტანიჩმა, ფეხბურთელთა შორის ტრავმების მიღების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი სპარინგ-მატჩის გამართვის შესახებ. თურქულ შეკრებაზე გამართული წინა მატჩების მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ნომერ მეოთხე მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური მომენტი ქართველებმა შექმნეს - შეტევის მარცხენა ფლანგიდან ავთო ენდელაძის კარგი ჩაწოდების შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ირაკლი ქობალია დარჩა, თუმცა ბურთის კარში გადაგზავნის საშუალება მას "ბალკანის" მცველებმა არ მისცეს...
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ზესტაფონელთა უპირატესობა გამოიკვეთა - გოლის გატანასთან ახლოს ჯერ ირაკლი ქობალია იყო, მალევე კი გატანის შესაძლებლობა ავთო ენდელაძესაც მიეცა. 62-ე წუთზე ქართველთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა კახაბერ მეშველიანმა საკმაოდ რთული ბურთის მოგერიება მოახერხა. პირველივე საპასუხო შეტევაში კი გიორგი ადამიამ დასარტყმელ პოზიციაზე ავთო ენდელაძე დატოვა და ამ უკანასკნელმა თავის გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.
დღესვე საბიჰა გიოქჩენის სახელობის სტამბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ზესტაფონელები მიემგზავრებიან სამშობლოში, სადაც სეზონის სტარტისათვის მზადების ბოლო ეტაპი გაიმართება.