Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

30.07.2013

 

 

 

 

 

 

საღამოს მატჩი "ადანასპორთან"

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 30 ივლისს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ორი საკონტროლო მატჩი გამართა. დილით თურქმენული კლუბის დამარცხების შემდეგ, საღამოს მარგველებმა თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელთან, საფეხბურთო კლუბ ”ადანასპორთან” იასპარეზეს.

 

თურქეთის სამხრეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაში რატკო დოსტანიჩმა ძირითად შემადგენლობაში უმეტესად ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც თურქმენულ "ალთინ ასირთან" დილით გამართულ შეხვედრაში არ უასპარეზიათ. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ მოჰამედ რეკრუკი, რომელსაც შეუძლოდ გამხდარი ლევან კუტალიას ბოლო მომენტში შეცვლა მოუწია.

 

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და, იმის მიუხედავად, რომ საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა, საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა. ზესტაფონელთაგან ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ იგორ იელიჩი, გიორგი ადამია და ოთარ კვერნაძე, თუმცა "ადანასპორი" ხან კარის ძელმა გადაარჩინა, ხანაც გოლკიპერის საიმედო თამაშმა. გოლის გატანის შანსები თურქებსაც ჰქონდათ - ჯერ როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასულ ადანელთა ფორვარდს უმტყუნა სიზუსტემ, მერე კი თავის გუნდის გადარჩენა უკვე ზესტაფონელთა კიპერს მოუწია

 

მეორე ტაიმი პირველივით მომენტებით მდიდარი აღარ გამოდგა, თუმცა გუნდები შეხვედრის ბოლო წუთამდე გამარჯვების მოსაპოვებლად იყვნენ მომართულნი. საგოლე შანსები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა საბოლოოდ "ზესტაფონი" - "ადანასპორის" დუელი ფრედ 0-0 დასრულდა.

 

"ადანასპორთან" შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: კვასხვაძე, ტერზიჩი, რენე დოს სანტოსი, თედო გრიგალაშვილი, კანდელაკი, რეკრუკი (შარიქაძე, 58), ჭანტურიშვილი, იელიჩი (გაგოშიძე, 15), სარდალიშვილი (კიკნაველიძე, 75), ადამია (ლომია, 80), კვერნაძე (ქობალია, 58).

 

 

 

30.07.2013 ”ზესტაფონი” - ”ადანასპორი” (თურქეთი) 0-0

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013