Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.07.2013

 

 

 

 

 

 

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონის დაწყებისათვის მზადებას. გუშინ, რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილებით, გუნდს დასვენებისა და კარტეპედან ნახევარი საათის სავალზე მყოფი ქალაქ იზმიტის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა.

 

დღევანდელი დღე დადებითი ემოციებით დაიწყო - ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო "გრინ პარკის" ადმინისტრაციის თხოვნით, გაიმართა მცირე სახალისო ფოტოსესია, შემდეგ კი მთელმა გუნდმა დიდი სიხარული მიულოცა გუნდის გოლკიპერ კახაბერ მეშველიანს, რომელსაც გუშინ ზესტაფონში ვაჟი შეეძინა.

 

ვარჯიშის დასაწყისში რატკო დოსტანიჩმა ძირითადი ყურადღება ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გაამახვილა, ამის შემდეგ ფეხბურთელებმა ბურთით იმუშავეს, ვარჯიშის დასასრულს კი გუნდის სერბმა დამრიგებელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მოთამაშეები ფიზიკურად დატვირთეს.

 

"მანისასპორთან" გუშინწინ გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, ზესტაფონელებს შეუერთდნენ გურამ სამუშია და ავთანდილ ენდელაძე. ეს ფეხბურთელები საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჯერაც მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობის გამო ლიტვაში იმყოფებოდნენ და ქართველთა ნაკრებისათვის ამ ტურნირის ნაადრევად დასრულების შემდეგ, საკუთარ გუნდს შეუერთდნენ.

 

უნდა ითქვას, რომ მარგველთა სპარინგ-მატჩების განრიგში გარკვეული ცვლილებები მოხდა. რატკო დოსტანიჩის სურვილის გათვალისწინებით, ხვალ ზესტაფონელები წინასწარ დაგეგმილი ერთის ნაცვლად, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ - ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ქართველები თურქმენეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ალთინ ასირს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 17:00 საათზე თურქულ "ადანასპორთან" წინასწარ დაანონსებული მატჩი გაიმართება.

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013