Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

27.07.2013

 

 

 

 

 

 

პირველი სპარინგ-მატჩი თურქულ შეკრებაზე

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 27 ივლისს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”მანისასპორი” გახლდათ.

 

შეხვედრა სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 18:00) საათზე დაიწყო. თურქული კლუბი, რომელსაც დღესდღეობით ადგილობრივი სპეციალისტი ქემალ ოზდეში წვრთნის, მაისში დასრულებულ თავის ქვეყნის ჩემპიონატში სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში იასპარეზა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დასავლეთ თურქეთის წარმომადგენლებს გზა "კონიასპორმა" გადაუღობა. "მანისასპორში" ავსტრიელი, პოლონელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა დანაკლისი თავიდან ვერ აიცილეს - ზურგის ტრავმის გამო თურქთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზა ფორვარდმა საბა ლომიამ.

 

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანასთან ახლოს მაინც ქართველები იყვნენ - თავის გუნდის დაწინაურების შესაძლებლობები გიორგი ჭანკოტაძესა და გიორგი ადამიას მიეცათ. გამოსარჩევია ადამიას მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი - "მანისასპორის" გოლკიპერმა ვოლკან ბაბაჩანმა შეცდომა დაუშვა და გიორგის თითქოს ბურთი ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა, თუმცა მანისელები ისევ თურქთა მეკარის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა...

 

მეორე ტაიმში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ძალიან სახიფათო ეპიზოდი შექმნეს "მანისასპორის" კართან - გოლის გატანა ოთარ კვერნაძესა და ირაკლი ქობალიას შეეძლოთ, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში თურქთა გოლკიპერმა იყოჩაღა. მალევე სწორედ ამ დუეტის მონაწილეობით ზესტაფონელებმა აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს - ირაკლი ქობალიამ ოთარ კვერნაძე დროული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელი დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

მატჩის მიწურულს გამარჯვების მოპოვების შანსი მანისელებსაც მიეცათ, თუმცა ქართველთა მხარეს ჯერ ხარიხა აღმოჩნდა, შემდეგ კითავის ოსტატობის დემონსტრირების საშუალება უკვე კახა მეშველიანს მიეცა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა უგოლოდ - 0-0.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), თედო გრიგალაშვილი (დოს სანტოსი, 46), კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ტერზიჩი, 46), ჭანკოტაძე (რაჟამაშვილი, 46), შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), იელიჩი (თედო გრიგალაშვილი , 67), კუტალია (სარდალიშვილი, 46), რეკრუკი (კვერნაძე, 46), ადამია (ქობალია, 46).

 

 

 

27.07.2013 ”ზესტაფონი” - ”მანისასპორი” (თურქეთი) 0-0

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013