საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას. თურქულ კარტეპეში მყოფი მარგველების ბანაკს გუშინ და დღეს ორი ფეხბურთელი შეუერთდა - 21 წლის სერბი ბორისლავ ტერზიჩი დღემდე სერბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დონი სრემის" ღირსებას იცავდა, ხოლო ტერზიჩის თანატოლი ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი ბოლოს იაპონური "ჯეი-ლიგის" წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ "კავასაკიში" ასპარეზობდა.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თურქეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”მანისასპორს” დაუპირისპირდება. ქართულ-თურქული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) დაიწყება.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...