16.07.2013
ინტერვიუ რატკო დოსტანიჩთან
ჩემი საფეხბურთო კრედოა, გუნდმა შედეგიანად ითამაშოს და მაყურებელმა ისიამოვნოს
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული “ზესტაფონი” ბოლო პერიოდში არც თუ კარგ მდგომარეობაში იყო. კლუბში შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რასაც დაემატა უსამართლო გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან კლუბებზე დახმარებების შესახებ, რამაც გარკვეული უთანხმოება წარმოშვა კერძო მფლობელსა და სპორტის მევეურებს შორის. “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია სამართლიანად ითხოვდა კლუბებისათვის თანაბარი, კონკურენტული გარემოს შექმნას. საბოლოოდ, ეს გაურკვევლობა როგორც იქნა დასრულდა და საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” მზადება დაიწყო.
გუშინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა სპორტული ჟურნალისტების და ფანკლუბის წარმომადგენლების წინაშე გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი წარადგინა. გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც უმუშავია ისეთ კლუბებში როგორებიცაა სერბული “ცრვენა ზვეზდა” (ორჯერ), “სმედერევო” და “ობილიჩი”, ბულგარული “სლავია” და “ლევსკი”, ახლა საქართველოში ცდის ბედს...
- დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. ასეთი ხალხმრავლობა ნიშანია იმისა, რომ “ზესტაფონი” ის კლუბია, რომლის ბედი ბევრ ადამიანს აღელვებს. მე ვიცი, რომ “ზესტაფონი” საქართველოს მასშტაბით დიდი გუნდია და მოხარული ვარ, აქ მუშაობის საშუალება რომ მომეცა!
საუბარი მქონდა კლუბის ხელმძღვანელთან და ჩვენი აზრები ბევრ რამეში დაემთხვა. შემიძლია დაგპირდეთ, რომ გუნდის ყველა ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ჩემი საფეხბურთო კრედოა, რომ გუნდმა შედეგიანად ითამაშოს და მაყურებელმა ისიამოვნოს. ვიცი, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. შეიძლება, თავდაპირველად ამას შედეგიც “შეეწიროს”, მაგრამ ამ სისტემის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ვარ. იგი საბოლოოდ აუცილებლად დადებითად აისახება შედეგზეც. აქაური პირობებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ბევრგან მიმუშავია და ვიტყვი, რომ აქაური გარემო ერთერთი საუკეთესოა. ამასთანავე, ჩემი მიზანია “ზესტაფონის” ყველა გუნდში დავამკვიდროთ ერთიანი სათამაშო სტილი. როგორი საფეხბურთო სისტემითაც ითამაშებს ძირითადი გუნდი, ისევე უნდა ასპარეზობდნენ მეორე და მესამე გუნდებიც, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ გაუჭირდეთ ძირითად გუნდთან ადაპტირება.
ასევე ჩემი სურვილია, ბავშვთა ფეხბურთში ჩაიდოს ინვესტიციები, რათა კლუბს ყოველთვის ჰქონდეს შევსება .
- ბოლო დროს, რომელ საფეხბურთო კლუბში მოღვაწეობდით?
- “ცრვენა ზვეზდადან” წამოსვლის შემდეგ, კონტრაქტი ფაქტობრივად გაფორმებული მქონდა ერთ-ერთ ბერძნულ კლუბთან, რომელიც რაღაც მაქინაციებში იყო გარეული და ბუნებრივია, ჩემი ამ კლუბთან ურთიერთობა არ შედგა.
- ქართულ ფეხბურთზე რა წარმოდგენა და ინფორმაცია გაქვთ?
- 2000 წელს “ცრვენა ზვეზდა” ქუთაისის “ტორპედოს შეხვდა, მაშინ მე კლუბში მთავარი მწვრთნელის სლავოლიუბ მუსლინის ასისტენტი ვიყავი. შემდეგ კიევის “დინამოს” შევხვდით, სადაც კალაძე და დემეტრაძე თამაშობდნენ. დემეტრაძემ გოლიც გაგვიტანა, რაც სასიამოვნო მოგონება სულაც არ არის. მინახავს სერბეთში გიორგი მერებაშვილის თამაშიც. ასევე აქ მოთამაშე სერბი ფეხბურთელებისგანაც მაქვს ინფორმაციები, თუმცა თქვენს საფეხბურთო ჩემპიონატს ცუდად ვიცნობ. ამ ხარვეზს მალე გამოვასწორებ.
- შემტევ სტილს ანიჭებთ უპირატესობას თუ დაცვითს?
- ცალსახად ამის თქმა შეუძლებელია. მე, რა თქმა უნდა, შემტევი ფეხბურთი მომწონს და ვეცდები, ჩემი ხელმძღვანელობით “ზესტაფონმა” ასე ითამაშოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია გუნდში მყოფ ფეხბურთელებსა და ასევე თითოეულ მეტოქეზეც. ისე თუ რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიწევს ასპარეზობა, მაშინ შესაძლოა დაცვითი ფეხბურთიც ვითამაშოთ.
- გუნდში თქვენი თანამემულეების ჩამოყვანას ხომ არ გეგმავთ?
- ჯერ არ მინახავს “ზესტაფონის” ფეხბურთელები. ვნახოთ, ისინი რა შესაძლებლობების არიან, მერე კი შეიძლება ფიქრი. ისე, ჩემი აზრია, უცხოელი, რომელსაც მოვიწვევთ, მინიმუმ ორი თავით მაღლა უნდა იდგეს ადგილობრივზე. ასე რომ, ამ საკითხებს მივხედავთ. სერბეთში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი “ზესტაფონის” მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა გადავწვიტოთ.
- კლუბის მეპატრონემ პროგრამა-მაქსიმუმი და პროგრამა-მინიმუმი თუ დაგისახათ?
- როგორც უკვე გითხარით, საფეხბურთო საკითხებში ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა. მე ჩამოსული ვარ, რათა შემტევი და ლამაზად მოთამაშე გუნდი ჩამოვაყალიბო, რომელსაც სასურველი შედეგი ექნება. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია საქმით დავამტკიცო ყველაფერი. გეტყვით, რომ ჩამოსული ვარ არა ფულისათვის, არამედ იდეისთვის - შევქმნა კარგი გუნდი...
იბეჭდება შემოკლებით ... |