საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. დღეს, 15 ივლისს, გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა. საზაფხულო არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
დღევანდელ ვარჯიშს არ ესწრებოდნენ საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ბალტიისპირეთში მყოფი გურამ სამუშია და ავთანდილ ენდელაძე. საზაფხულო არდადეგების შემდეგ გამართულ პირველ ვარჯიშს ასევე არ დასწრებიან იმერელთა ლეგიონერები ბოტი გოა დემელი და მოჰამედ რეკრუკი, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება...
შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემდეგ კლუბი დატოვეს თორნიკე აფციაურმა, შოთა ბაბუნაშვილმა, ალექსი ბენაშვილმა, თემურ ღონღაძემ და ლეგიონერებმა ორიოლ ლოსანომ და დიმიტარ პეტკოვმა. სამაგიეროდ, "ზესტაფონს" დაუბრუნდნენ საბა ლომია და ნოდარ კიკნაველიძე. როგორც მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელებმა გასული სეზონი სხვა კლუბებში გაატარეს.
გუნდთან ერთად ორმა ახალმა "სახემ" ივარჯიშა. არცერთ მათგანს განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება - 31 წლის გამოცდილ მცველ ილია კანდელაკს თავის დროზე თბილისის ”დინამოში”, უკრაინულ "ჩერნომორეცში", გერმანულ "კარლ ცაისში", ავსტრიულ "შტურმსა" და აზერბაიჯანულ "ინტერში" უასპარეზია; ხოლო 32 წლის ფორვარდი გიორგი ადამია სხვადასხვა წლებში თბილისის "თსუ"-სა და "ვიტ-ჯორჯიის", აზერბაიჯანული "ნეფტჩის", "ბაკის", "ყარაბახისა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.
ხვალიდან რატკო დოსტანიჩს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...