2013 წლის 15 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია გაიმართა. მარგველთა სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა.
დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” 53 წლის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი უხელმძღვანელებს. ბალკანელ სპეციალისტთან გაფორმებულია ორწლიანი (1+1) შრომითი ხელშეკრულებება.
რატკო დოსტანიჩი ფეხბურთელობისას მცველი გახლდათ - ჯერ ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" თამაშობდა, შემდეგ კი კარიერის დიდი ნაწილი ფრანგულ გუნდებში გაატარა.
საფრანგეთში, კლუბ "მონლიუსონში" დაასრულა თამაში და იმავე წელს გუნდის მწვრთნელი გახდა (1995-1997). შემდეგ, სლავოლიუბ მუსლინის ასისტენტი (1999-2000) გახლდათ "ცრვენა ზვეზდაში", სადაც 2004-2005 და 2010 წლებში უკვე მთავარი მწვრთნელის პოზიციაზეც იმუშავა.
ასევე იყო ფრანგული "ბანიოლის" (1997-1999), სერბული "ობილიჩის" (2000-2002), "სმედერევოს" (2003-2004), " ოფკ"-ს (2006-2007), " ბეჟანიას" (2007) და "სრემის" (2008-2009) ბულგარული "ლევსკის" (2002, 2009) და "სლავიის" (2004, 2006), ჩინური "დალიან შიდეს"(2007-2008), მაკედონური "ვარდარის" (2008), ბერძნული "ვერიას" (2007) და "დიაგორასის (2011-2012) მთავარი მწვრთნელი.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციებზე დანიშნულნი არიან სერბი სპეციალისტი ნებოისა ტოპალოვი და ახლო წარსულში ბოლნისის "სიონის" სპორტული დირექტორი ლევან ბაჯელიძე, რომელიც 2004-2005 წლის სეზონში ზესტაფონელთა ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა.
დღესვე სამწვრთნელო შტაბის ახალმა შემადგენლობამ პირველი ვარჯიშიც ჩაატარა ...