Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

01.07.2013

 

 

 

 

 

 

გაზეთ "რეზონანსის" პუბლიკაცია

 

ამბავი საფეხბურთო და არასაფეხბურთო იწილო-ბიწილოსი

ანუ დააღწევს თუ არა თავს ქართული ფეხბურთი მსოფლიო ფეხბურთის ანტურაჟის როლს

 

 

 

 

 

 

 

ბოლო სამი ათეული წელია ქართულმა ფეხბურთმა მკვიდრად მოირგო მსოფლიო ფეხბურთის ანტურაჟის როლი. მასშტაბურ გამარჯვებებს შეჩვეული სტაჟიანი გულშემატკივრისთვის ძნელი აღმოჩნდა ამგვარ რეალობასთან შეგუება, თავად განსაჯეთ – ადრე თუ “ლივერპულის”, მილანის “ინტერის”, მიუნხების “ბაიერნის”, ლისაბონის “ბენფიკასა” და სხვა მსოფლიო გრანდების დამარცხებით ვიწონებდით თავს, ორიოდ წლის წინ მაჩანჩალა მალტის ნაკრებთან საშინაო არენაზე ბოლო წუთზე გატანილი შემთხვევითი გოლი იქცა კინაღამ ეროვნული რანგის დღესასწაულად.


დრო-ჟამსა და სხვათა აბმიციურ გეგმებს ქართული ფეხბურთის დაჩაჩანაკება რომ არ უნდა დაბრალდეს, მგონი არავისთვის არ უნდა იყოს სადავო, არც ის არის ახალი ამბავი ამ სავალალო რეალობას ჩვენც რომ შევაშველეთ ხვავრიელად ხელი.

მაინც რა მოხდა, რამ გარიყა ქართული ფეხბურთი მსოფლიო რეიტინგიდან ასეულა მიღმა? იმ მოვლენების ანალიზი რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში, საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები სიზუსტით გაეცეს პასუხი ამ კითხვას.


ბოლო ხანს “ზესტაფონელთა” პროტესტის ამბავი გახდა ყველაზე აქტუალური ქართულ ფეხბურთში. გუნდი, რომელიც ცხრა წელია ეროვნული ჩემპიონატის მშვენებაა, რომელმაც არაერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ პირველობას.


მიზეზი საკმაოდ არგუმენტირებულია – თუკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გორის “დილას” დასაფინანსებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოინახა 11 მილიონი ლარი, სხვა კლუბებსაც უნდა გაეწიოს ანალოგიური დახმარება. არ შეიძლება ერთი გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდეს სოლიდურ თანხას (ცნობისათვის – საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი აქვს 5 მილიონ ლარზე მეტი) სახელმწიფო კი მის კონკურენტს აფინანსებდეს ამავე ფულით.


სპორტი ის სფეროა, სადაც ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპია ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იყოს ტურნირის ორგანიზატორთა და სახელმწიფოს მხრიდან. თუკი გორის “დილასთვის” გამოინახა ის მექანიზმი, რომლითაც გუნდი დაფინანსდა სოლიდური თანხით, ანალოგიური მექანიზმი უნდა ამოქმედდეს სხვა გუნდებისთვისაც. ამ პოსტულატს უმაღლესი ლიგის უკლებლივ ყველა გუნდი იზიარებს, თუმცა, საქმე ადგილიდან არ იძვრის.


ის რაც გორის “დილასთან” მიმართებაში ადვილადშესრულებადი აღმოჩნდა, სხვა გუნდების მიმართ მსგავსი ფინანსური დახმარების ალბათობა ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.


ამ ფონზე ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ყურადსაღები. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თვალსაზრისით გორის “დილას” გამორჩეულობა პირდაპირპროპორციულად აისახა საფეხბურთო მინდორზე. ერთ-ერთი მაგალითი ამისა თუნდაც შარშანდელი სამარცხვინო თასის ფინალია, რაც არა მგონია თავად გორის გუნდს სძენდეს პატივსა და ღირსებას.
ერთმა უსამართლობამ, მეორე შვა. ამოქმედდა დომინოს პრინციპი, ჯაჭვური რეაქცია, რომლის მთავარი არსი იმაშია, რომ სახელმწიფოში გაჩნდა ჯილა გუნდი, რომელიც მავანთა აზრით გამორჩეული უნდა იყოს, სხვა გუნდებმა კი მხოლოდ ანტურაჟის ფუნქცია უნდა იტვირთონ.


საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” სწორედ ასეთ მახინჯ მენტალურ მსოფლმხედველობას გაემიჯნა.
ის რაც ცხრა წლის განმავლობაში გუნდის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გააკეთა, ქართულ ფეხბურთში ანალოგი არ მოეპოვება. სოლიდური თანხაა დახარჯული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, აშენდა ახალი სტადიონი, ბაზა, სასტუმრო, რომლის დასრულებაც ერთ წელში იგეგმება.


ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზესტაფონში უახლოეს ხანში საშუალო ევროპული რანგის გუნდი ჩამოყალიბდეს. ამ ფონზე ბუნებრივია “ზესტაფონი” ვერ შეეგუება ანტურაჟის როლს.


ზესტაფონელ გულშემატკივარს გაცნობიერებული აქვს, რომ ერთნაირ სასტარტო პოზიციაში მყოფი ძლიერი გორის “დილა”, ძლიერი თბილისის “დინამო”, ძლიერი ქუთაისის “ტორპედო” სწორედაც რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებშია. არასაფეხბურთო და საფეხბურთო იწილო-ბიწილო კი სწორედაც რომ ვერაფერი ხელშეწყობაა ქართული ფეხბურთისთვის,

 

რამდენადაც ამგვარად დამკვიდრებული მენტალური სქემა უშუალო წინაპირობაა ეროვნული ნაკრების სამარცხვინო შედეგებისა.
ახლა როცა ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, ჩნდება ერთგვარი იმედი იმისა, რომ ქართული ფეხბურთი დაიბრუნებს ჩვეულ დიდებასა და პატივს. ამიტომაც მგონია - არ ღირს ამ ნიჭიერი ბიჭების გამეტება მსოფლიო ფეხბურთში ანტურაჟის როლისთვის.

მამუკა ნაცვალაძე, გაზეთი "რეზონანსი"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013