Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.06.2013

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო ვნებათაღელვა სასტუმრო “ჰოლიდეი ინთან”

 

 

 

 

 

 

 

 

 

საინტერესო ამბები ხდება ქართულ ფეხბურთში. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” სფფ-ის 22-ე ყრილობა გაიმართა, გარეთ კი “ზესტაფონის” 150-მდე ფანი საპროტესტო აქციას მართავდა და კლუბის გადარჩენას ითხოვდა. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ ყრილობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი წლეულს უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის საწევრო გადასახადის (40 ათასი ლარი) გაუქმება იყო, ხოლო ეროვნული ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება. მერე სფფ-ის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა მომიტინგეებსაც შეხვდა, დახმარებას და სპოტის სამინისტროსთან შუამდგომლობასაც დაპირდა.

 

ზვიად სიჭინავა: “გულშემატკივრებთან შეხვედრით, ცხადია, უკმაყოფილო ვარ. კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როცა ქვეყნის ორგზის ჩემპიონის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და გუნდი შესაძლოა უმაღლეს ლიგას გამოაკლდეს. იქაურ ქომაგებს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ უამრავი წერილი გვაქვს გაგზავნილი მთავრობაშიც, სპორტის სამინისტროშიც, ადგილობრივ მუნიციპალიტეტშიც. კიდევ დავურეკავ ბ-ნ ილია კოკაიას, ადგილზეც ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის გადასარჩენად. “ზესტაფონი” ღირსია იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშობდეს და ჩვენს ქვეყანას ევროთასებზე წარმოადგენდეს”.

 

კოტე ბოჭორიშვილი (“ზესტაფონის” ფანების ლიდერი): “მართალია, მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია გვერდში დაგვიდგება და “ზესტაფონი” ისევ საქართველოს საუკეთესო გუნდებს შორის იასპარეზებს. ბ-მა სიჭინავამ ჩვენს მუნიციპალიტეტსაც გაუგზავნა წერილი, მაგრამ დღეისთვის ამ პროექტისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნიათ. ჩვენ მაინც გვჯერა და თბილისშიც ამ იმედით ჩამოვედით, რომ საჭირო სახსრები გამოინახება და გუნდი არ დაიშლება”.

 

სერგო ფუტკარაზე (“ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი): “ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი გუნდის ვითომდა ავსტრიული შეკრებისა და თითქოს აზერბაიჯანელი ლეგიონერის დამატების თაობაზე. გეტყვით, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, შეკრება კი არა, გუნდს ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია. ლეგიონერზე კი ხუმრობით გეტყვით, ჩვენთან მინდვრების მომვლელი უკრაინელი სპეციალისტი მუშაობს და მას თუ ჩამოჰყავს ვინმე თავის დასახმარებლად, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. დენის დავალიანებას ვერ ვისტუმრებთ, საბანკო ანგარიშები დაყადაღებული გვაქვს, რომელ შეკრებაზეა საუბარი. დღეს ზესტაფონის საკრებულო საგანგებოდ იხილავს ამ საკითხს, რათა მინდვრები სიცხისგან არ დაიწვას. ვნახოთ...”

 

 

სოლომონ გულისაშვილი, www.worldsport.ge (იბეჭდება შემოკლებით)

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013