21.06.2013
დაგვიბრუნეთ "ზესტაფონი" !
სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 12 გუნდიან ჩემპიონატში 11 გუნდი თანახმა არის მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი ლიგის 2013-2014 წლების გათამაშებაში. მეთორმეტე გუნდი კი "ზესტაფონია", რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩდა.ზესტაფონური კლუბი ფინანსურ კრიზისშია და გამოსავალი დღემდე არ ჩანს.
18 ივნისს "ზესტაფონი" 9 წლის გახდა და დაბადების დღეზე "საჩუქარი მიიღო" - გახდა ცნობილი, რომ ფინანსური დავალიანების გამო მოსალოდნელია, რომ კლუბის ანგარიშები დააყადაღონ და ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს კლუბს.
გუნდი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ახარებდა საკუთარ და მთელი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა არმიას, დღეს დაშლის პირასაა. დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დააწესეს ვადები: ის კლუბი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ფეხბურთის ფედერაციაში არ შეიტანს განაცხადს ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ, უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩება. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ საქართველოს ჩემპიონატი მომავალ სეზონს "ზესტაფონის" გარეშე უნდა ჩატარდეს... მიუხედავად უამრავი დაპირებისა, მიუხედავად უამრავი ლაპარაკის თუ "შეწუხებული სახისა", ზესტაფონურ კლუბს დღემდე რეალურად არავინ დაეხმარა. არავინ ცდილობს, რომ თანამედროვე ქართული საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული გუნდი კვლავ ემსახუროს საქართველოს.
ჩვენი საიტის სახელითა და ყველა ქართველი გულშემატკივრის სახელით მივმართავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტის მინისტრს ბატონ ლევან ყიფიანს და ყველა კომპეტენტურ პირს, ვისაც კი შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება: დაგვიბრუნეთ "ზესტაფონი"!
|