Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 

 
 
 
 

 

 
 

 

07.06.2013

 

 

 

 

 

 

გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია

 

ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012-2013 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა. წესითა და რიგით, ახალი სეზონისთვის მზადება გუნდებმა მალე უნდა დაიწყონ, თუმცა უმეტეს ქართულ კლუბებში გაურკვევლობაა, არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ 2013-2014 წლების სეზონისთვის და საერთოდ, ექნებათ კი დაფინანსება.

სპორტის მინისტრი საფეხბურთო მილეთს დაჰპირდა, სახელმწიფო კლუბებს კონცეფციის მიხედვით დაეხმარებაო, თუმცა დრო გადის და ჯერ არც კონცეფცია ჩანს და არც ფული.

კლუბების მესვეურები, მწვრთნელები და ფეხბურთელებიც, შესაბამისად, გაურკვევლობაში არიან. არის იმედი, მაგრამ იმედიან მოლოდინსაც თავისი ზღვარი აქვს.

ამ ყველაფრის გამო 5 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მუნიციპალური და კერძო კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც: პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა...


კლუბების უკმაყოფილების მიზეზი ცნობილია, მაგრამ წინა ისტორიას მაინც შეგახსენებთ: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბი მუნიციპალიტეტს გადააბარა მანამ, სანამ სახელმწიფო ყველა კლუბს თანაბრად არ დააფინანსებს. იმერული კლუბის პრეზიდენტის მოთხოვნამ კატალიზატორის როლი ითამაშა და ის უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების მფლობელებმაც გაიზიარეს.

მერე დაიწყო მსჯელობა, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ყველას თანაბრად დახმარება. დადებითი კონტურებიც გამოიკვეთა, მაგრამ მცირე ხნის წინ დავალიანების მქონე გორის "დილას" სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი დაურიცხა.

ამ ფაქტის გამო კლუბებმაც იგივე თანხა მოითხოვეს, უარის შემთხვევაში კი 8 მათგანი (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", რუსთავის "მეტალურგი", ბოლნისის "სიონი", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო") ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს - კერძო კლუბებს მხარი მუნიციპალურებმაც დაუჭირეს და ამის შესახებ სახელმწიფოს წერილით მიმართეს.

ცხადია, სახელმწიფოსგან მეტი ფულის გამოყოფითა და ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებით ფედერაციაც არის დაინტერესებული და მისმა თავკაცებმაც "რვიანის" მხარე დაიჭირეს - ეს 8 გუნდი თუ უარს ამბობს, ჩემპიონატს როგორ ჩავატარებთო....

ვინ იყო თავყრილობის ინიციატორი და მასპინძელი? როგორც გავიგეთ, ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა მოსაწვევებითა და რაგინდარა ფორმალობებით; შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შეხვედრის აუცილებლობა შექმნილმა ვითარებამ მოიტანა.

გავიგეთ, რომ შეკრებაზე არ ყოფილან ქუთაისის "ტორპედოს" და საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მწვავე საუბრებიც ყოფილა. ვნებათაღელვა კერძო და მუნიციპალური კლუბების თანაარსებობის ფორმებს გამოუწვევია. ერთ-ერთი კერძო კლუბის მეპატრონე და ერთ-ერთი მინიციპალური კლუბის წარმომადგენელი ისე შელაპარაკებულან, კინაღამ ერთმანეთისკენ გაუწევიათო - ასეთი ინფორმაციაც კი მოგვაწოდეს.

კონფლიქტის მიზეზი, რა თქმა უნდა, ფულია, რომელსაც აქამდე იღებდნენ მუნიციპალური კლუბები, თუმცა რა პრინციპით, ცნობილი არ იყო, რადგან ფულის გადანაწილების პრინციპი არ არსებობდა.

კერძო კლუბებს კი გაუჭირდათ, რადგან საქართველოში ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობით ალბათ არავის აქვს იმდენი ფული, რომ წლობით მაღალ დონეზე შეინახოს საფეხბურთო კლუბი. კონფლიქტს, როგორ წესი, ფინანსური პრობლემები იწვევს.

5 ივნისს გამართული შეხვედრა მაინც დადებითად დასრულდა, კერძო თუ მუნიციპალური კლუბები სიტყვიერად შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ სახელმწიფო კონცეპტუალურად გამოყოფს თანხებს საკლუბო ფეხბურთისთვის, ეს თანხა ყველა კლუბზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, კერძოზეც და მუნიციპალურზეც.

სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კამათი გამოუწვევია იმას, რომ თუ მუნიციპალური კლუბი მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მაშინ ადგილობრივმა, მუნიციპალურმა ბიუჯეტმა ეს კლუბი დამატებით აღარ უნდა მოაფულიანოს.

მუნიციპალურმა კლუბებმა არგუმენტად ის მოიშველიეს, რომ თუ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება სამონაწილეო თანხის თანაბრად გადანაწილების პრინციპით მოხდება, დამატებით როგორ მოიზიდავს ფინანსებს ესა თუ ის მუნიციპალური კლუბი, უკვე არავის საქმე აღარ იქნება, ისე, როგორც ის, თუ რა დამატებითი სახსრები აღმოაჩნდებათ კერძო კლუბებს.

კითხვები გაისმა გორის "დილას" მისამართით, ალბათ იმიტომ, რომ ამ კლუბმა უკვე მიიღო დაფინანსება ადგილობრივი მინიციპალიტეტიდან.

"ქართულ ფეხბურთში განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას მივესალმებით. მადლობელნი ვართ, რომ სახელმწიფო გვერდში გვიდგას და ვფიქრობ, არ შეიძლება იმაზე კამათი, რომ მეტი დაფინანსება ამა თუ იმ კლუბში არ უნდა მოხდეს", - გვითხრა გორის "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა.

ქართული კლუბები ადრეც შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ ეს ცალ-ცალკე მოხდა - აქეთ საბიუჯეტო-მუნიციპალურები, იქით კერძო კლუბები.

როგორც შევიტყვეთ, მაშინ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების წარმომადგენლების ხელმოწერით დამშვენებული დოკუმენტი გაგზავნა სახელმწიფო კანცელარიაში დაფინანსების თხოვნით, რის მერეც პრემიერ-მინისტრის აპარატს ეს წერილი სპორტის სამინისტროსთვის გადაუმისამართებია - ასე ამბობენ კულუარებში და კლუბებიც ამ სამინისტროს შეჰყურებენ.

5 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი კერძო კლუბი ინიციატივით გამოვიდა, სახელმწიფოსგან თუ არ იქნება ყველა უმაღლესლიგელზე გამოყოფილი 2 მილიონი ლარი, ჩემპიონატში მონაწილეობას აზრი არ ექნებაო. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს სხვა კერძო კლუბებმაც, სოლიდარული პოზიცია გამოუხატავთ "სიონსა" და "ზუგდიდსაც", რომლებიც არ არიან კერძო კლუბები.

ერთი სიტყვით, არის კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და შეთანხმებაც. გასარკვევი ისღა დარჩა, იქნება კი საერთოდ სისტემურ-კონცეპტუალური დაფინანსება მაშინ, როცა ქვეყანაში ათასი სხვა პრობლემაა და ყველაფრის მოგვარებას ფული სჭირდება.

როგორც უნდა იყოს, შეხვედრა, კლუბების სოლიდარობის მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს, სოლიდარობა ხომ ის ძალაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება...

 

დავით თავართქილაძისა და მერაბ მამულაშვილის პუბლიკაციების მიხედვით, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013