საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისში მცხოვრებმა გულშემატკივრებმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინ აქცია გამართეს. გულშემატკივართა მოთხოვნა ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა კლუბის თანაბარ უფლებებში ყოფნა და თანაბარი დაფინანსება გახლდათ.
მოგეხსენებათ, "ზესტაფონმა" საფეხბურთო სეზონი კრიზისით დაასრულა. დღემდე გაუცემელია ფეხბურთელთა ხელფასები. სტადიონზე გაითიშა დენი, რის გამოც იმერეთში მცხუნვარე მზის ფონზე ვერ ხერხდება მოედნის მორწყვა და მოვლა. გასულ შაბათს გულშემატკივრების ორგანიზებით მინდვრის საფარი სახანძრო მანქანის დახმარებით მორწყეს.
... ბატონი ლევან ყიფიანი გულშემატკივრებს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა... მინისტრის თქმით იგი ნებისმიერ დროს მზადაა გუნდს გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს. კიდევ ერთხელ მზადაა გულშემატკივართან ერთად "ზესტაფონის" პრეზიდენტს სთხოვოს გუნდში დარჩენა. ბატონმა ლევანმა ილია კოკაიასთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა სამწუხაროდ სატელეფონო კავშირი ვერ მოხერხდა. ილია კოკაია გერმანიაში იმყოფება და კვირის ბოლოს აპირებს საქართველოში დაბრუნებას. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა ბედი ელის საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“...