2013 წლის 29 მაისს საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებმა ბელგიის სამეფოში გამართული ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩში ტურნირის მასპინძელი ბელგიის ნაკრები დაამარცხა და მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისა, რომელიც მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება.
ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფში ინგლისის, შოტლანდიისა და მასპინძელ ბელგიელთა ძლიერი ნაკრებები ჩატოვეს. შოტლანდიელებთან წინა ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ ახალგაზრდა ქართველებს ჯგუფიდან გაღწევის შანსი კი გაუორმაგა, თუმცა უმძიმესი საკადრო პრობლემების წინაშეც დააყენა - დისკვალიფიკაციის გამო ბელგიელებთან ბოლო ტურის შეხვედრაში ჩვენს ნაკრებს ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი (მათ შორის, ზესტაფონელი ავთო ენდელაძეც) აკლდა და გუნდს თითქმის ცარიელი სათადარიგოთა სკამით (13-კაციანი განაცხადით) მოუწია გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმა.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, 56-ე წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა. მასვე 74-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. მატჩის ბედი საბოლოოდ 78-ე წუთზე გადაწყდა - ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში მოასპარეზე კიდევ ერთმასაფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გურამ სამუშიამ ქართველებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა - 2-0.
გვერდს ვერ ავუვლით ქართული საფეხბურთო ოჯახისათვის ამ ბოლო ხანებში ესოდენ აქტუალურ, კერძო და საბიუჯეტო კლუბების თემას. საინტერესოა, რომ გია ცეცაძის გუნდში, რომელმაც ძალიან გაახარა ქართველი ქომაგი და ასახელა მთელი საქართველო, ელიტრაუნდში იასპარეზა 18 ფეხბურთელმა, რომელთაგან მხოლოდ 1 წარმოადგენს საბიუჯეტო კლუბს (გორის "დილა"), 2 ასპარეზობს უცხოურ კლუბებში (ყაზანის "რუბინი" და რიგის "სკონტო"), ნაკრების 15(!) ფეხბურთელი კი კერძო კლუბებს (თბილისის "ლოკომოტივი"-4; ქუთაისის "ტორპედო"-3; "ზესტაფონი" და თბილისის "დინამო"-2-2; თბილისის "ვიტ-ჯორჯია", მარტვილის "მერანი", საჩხერის "ჩიხურა" და რუსთავის "მეტალურგი" -1-1) წარმოადგენს. დასკვნების გაკეთება ჩვენი მკითხველისათვის მიგვინდია ...