20.05.2013
დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი ტური
2013 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი, ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ფოთში ადგილობრივი ”კოლხეთის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
სტუმრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ჯიქიძე, რობაქიძე, შალამბერიძე (კვანტალიანი, 82), ფოცხვერაშვილი (კუპრაშვილი, 60), გაჩეჩილაძე, მაკარიძე, ომარ გრიგალაშვილი, ჩუბინიძე (გულუა, 72), ეგუტიძე (იონანიძე, 79), მახარაძე (ჭეიშვილი, 66).
ზემოიმერულ კლუბში შექმნილი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმერელთა ფოთში გამგზავრების ამბავი დადებითად თამაშამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა...
ფოთელი დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო იერიშის შემდეგ, 16-ე წუთზე, მშვენიერი შორეული დარტყმით ანგარიშიმარგველმა ომარ გრიგალაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ თანდათანობით თამაშიც გათანაბრდა და 31-ე წუთზე ანგარიშიც საყაიმო გახდა - ზესტაფონელთა მეკარისა და ერთ-ერთი მცველის შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ, გია მახათაძის კარი მასპინძელმა ნიკა სიჭინავამ დალაშქრა.
მეორე ტაიმი კი უკვე მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები, რომელთა უმრავლესობასაც გუშინ საჩხერელთა წინააღმდეგ გამართულ ჭაბუკთა ლიგის ტურნირის მატჩშიც მოუწიათ ასპარეზობამ, აშკარად დაიღალნენ და მასპინძლებს სერიოზული წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. 52-ე წუთზე ფოთელები ბექა მეჩეხიამ დააწინაურა, 78-ეზე მანუჩარ ლომაიამ ანგარიში 3-1 გახადა, ხოლო 85-ეზე ნიკა სიჭინავამ დღევანდელ შეხვედრას წერტილი დაუსვა. ფოთელთა გამარჯვება ანგარიშით 4-1.
შედეგად, ზესტაფონელებმა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
დუბლიორთა ტურნირის საბოლოო სატურნირო ცხრილი
|