"ზესტაფონი" მინისტრს სიტუაციაში გასარკვევად ზესტაფონში იწვევს
დღეს, 16 მაისს, გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სპორტისა და ახალზრდობის საქმეთა მინისტრ ბატონ ლევან ყიფიანთან, რომელშიც, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ სადღეისოდ შექმნილ ვითარებას...
რამდენიმე დღის წინ, ზესტაფონს ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა. საფეხბურთო ოჯახის თავკაცმა დაგვდო პატივი, გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი და გულშემატკივართა გასაჭირი და გვესტუმრა ქალაქში ვითარებაში უკეთ გასარკვევად. ფედერაციის პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავის ხედვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და სიტუაციის განმუხტვისა და ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენის მიზნით, ზესტაფონის გამგებლის მსგავსად, მაქსიმუმის გაკეთების პირობა მოგვცა.
ბატონი სიჭინავასგან განსხვავებით, სპორტის მინისტრს ზესტაფონელები არც მისი მაღალი სტუმრობის ღირსად ჩაუთვლია (თავად მინისტრს ეს ამბავი აზერბაიჯანში სასწრაფო ვიზიტით აუხსნია) და არც რომელიმე მოადგილისათვის დაუვალებია მსგავსი რამ... მეტიც, როგორც გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან იკვეთება, ბატონი ყიფიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ იცის, თუ რა პრეტენზიები ჰქონიათ ზესტაფონელებს (!). თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მინისტრი და მისი უწყების არცერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულან შექმნილი მდგომარეობით, ბატონმა ლევანმა საფეხბურთო ზესტაფონში შექმნილ სიტუაციას თითიდან გამოწოვილიც კი უწოდა...
აქვე გვინდა გაოცებით გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონი ლევანი საკუთარი ინიციატივით ესტუმრა გორს და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ გუნდს დახმარებასა და გვერდში დგომას დაპირდა. გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ, რომელიც შარშანდელი თასის გათამაშების ფინალში მომხდარი სიბინძურის შემდეგ ეროვნული თასის გათამაშებისათვის მამამისის, დიდი დათო ყიფიანის სახელის ჩამორთმევას კატეგორიულად მოითხოვდა და სულ მცირე ხნის წინ საბიუჯეტო კლუბების არსებობის იდეის წინააღმდეგ თავად ილაშქრებდა...
დასანანია, რომ ბატონი მინისტრი არ დაინტერესებულა იმით, თუ რამ განაპირობა ის, რომ კლუბის მეპატრონემ, რომელმაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ზემოიმერული კლუბის არსებობისა და სათანადო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მილიონობით ინვესტიცია განახორციელა, კლუბის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მოვიწვიოთ სპორტისა და ახალზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი ზესტაფონში, რათა მან ადგილზე მოახერხოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარების უკეთ გაცნობა.
|