Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

12.05.2013

 

 

 

 

 

 

თანადგომა და გამარჯვება

 

გამარჯვება ზუგდიდელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დასავლური დერბი გაიმართა - საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” უმასპინძლა.

 

კაცმა რომ თქვას, ზესტაფონში კარგა ხანია ბევრს აღარ ანაღვლებს, როგორ ჩაამთავრებს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი 24-ე ეროვნულს. ისედაც ყველაფერი ნათელია - გუნდმა აშკარად ჩააგდო სეზონი. ზესტაფონში ახლა უფრო აქტუალური სხვა რამაა - რა ბედი ელის კლუბს, მართლა დაშლის თუ არა მას ილია კოკაია, დაეხმარება თუ არა „ზესტაფონს“ სახელმწიფო, გადაიბარებს თუ არა კლუბის 100-პროცენტიან წილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი? ჩნდება ბევრი სხვა კითხვაც. ერთი სიტყვით, ამ მხრივ ვნებათაღელვა პიკს აღწევს.

 

ზესტაფონში სფფ-ს პრეზიდენტის გუშინდელი სტუმრობით არც არაფერი გარკვეულა, გაისმა მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის მთავრობის ყურამდე მიტანის დაპირებები. ჯერჯერობით ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კლუბის მომავალზე ადგილობრივ გამგეობას.  ზესტაფონელები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სპორტის მინისტრის პოზიცია და განმარტებები აინტერესებთ და ლევან ყიფიანისგან იგივეს  ელიან, რასაც ის რამდენიმე დღის წინ გორელებს „დილას“ გადასარჩენად დაპირდა. ზესტაფონელებს სჯერათ, რომ ყველაფერი მხარეებისთვის მისაღები შედეგით დასრულდება.

 

ზემოთ ვთქვით, ზესტაფონში შეგუებულნი არიან იმ აზრს, რომ გუნდმა ფინიშთან მიახლოებული ჩემპიონატი ჩააფლავა. ამიტომაც იყო, „დავით აბაშიძეზე“ მატჩიდან მატჩამდე კლებულობდა მაყურებელთა რაოდენობა და ზესტაფონელებს, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინაშე უწევდათ ბურთაობა. ოღონდ დღევანდელ თამაშზე ამას ვერ ვიტყვით, სტადიონზე, სულ მცირე, ორი ათასი კაცი შეიკრიბა და მთელი თამაშის განმავლობაში, ფანკლუბელთა დირიჟორობით, ამხნევებდა თავის გუნდს. „ზესტაფონმაც“ ექვსეულში პირველი გამარჯვებით გაიხარა.

 

ერთობ უღიმღამო პირველ ტაიმშიც კი მრავლად იყო საგოლე მომენტები, თანაც ორივე კართან. მატჩის დებიუტში თორნიკე გორგიაშვილმა და ზვიად სიხარულიამ გაცვალეს სახიფათო დარტყმები. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს.

მე-20 წუთზე როინ კვასხვაძეს რომეო კანკიას ძლიერი დარტმის მოგერიება მოუხდა. ამ ეპიზოდს მალევე მასპინძელთა ფლანგური შეტევა მოჰყვა, ლევან კუტალია მარჯვნიდან შეიჭრა ყოფილ თანაგუნდელთა საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა კარში, ლაშა ძაგანიამ ძნელი ბურთი მოიგერია, ბოტი დემელმა ახლოდან უმალ დაამატა, მაგრამ წაქცეულ მეკარეს ვერ ააცილა.

„ზესტაფონი“ 29-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც პარტნიორებმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს თორნიკე გორგიაშვილი და მანაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 1:0.

 

შესვენების შემდეგ ზესტაფონელებმა თამაშის ტემპს უმატეს და სტუმართა კართან ზედიზედ იქმნებოდა საგოლე მომენტები. ჯერ იყო და გორგიაშვილმა თორნიკე აფციაურის ზუსტი გადაცემით ვერ ისარგებლა, მერე  თავად აფციაურს გაუცუდდა დარტყმა კუტალიას ფლანგური გადაცემის შემდეგ. ლევან შარიქაძესაც ოდნავ აუცდა საჯარიმოს გარედან გასროლილი, მაგრამ გატანის ყველაზე ნაღდი შანსი ხელიდან ბოტი დემელმა გაუშვა - მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩარჩოს ააცილა.

 

მასპინძლებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გაზრდა. მიხეილ სარდალიშვილი ახალი გამოსული იყო შეცვლაზე, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა ზუგდიდელთა საჯარიმოში შეჭრილ გორგიაშვილს და მანაც უშანსოდ დატოვა მეკარე.

ამის შემდეგ ძაგანიას რამდენჯერმე მოუხდა თავის გამოჩენა, თუმც მასპიძელთა ორბურთიანი უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდა - 1:0.

 

მატჩის შემდეგ:

ელგუჯა ქომეთიანი: „ასე ხშირად გვემართება, უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ ვერ ვიყენებთ. პირველ ტაიმში მეტოქეს თამაშით ვაჯობეთ, 3 საგოლე მომენტი შევქმენით, ოღონდ რა გამოვიდა? ტაიმი მაინც წავაგეთ. შესვენების შემდეგ მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, აქტიურად გვიტევდნენ. პლეი ოფში აშკარად არ გვიმართლებს, გუნდიდან ბევრი წავიდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემადგენლობითაც, მხოლოდ ადგილობრივი კადრებით, შეგვიძლია უმაღლეს ლიგაში ღირსეული თამაში.“

 

კახა კაჭარავა: „კლუბში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე ხელმძღვანელობამ უნდა ისაუბროს, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. მართალია, ამ სეზონში ამას ხშირად ვერ ვახერხებდით, მაგრამ მომავლის იმედი გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი პრეზიდენტის მოთხოვნებს და დიდ მადლობას ვუხდით ერთგულ ქომაგთ გამხნევებისა და თანადგომისათვის“.

 

გამოყენებულია www.worldsport.ge-ს პუბლიკაცია, ავტორი იუზა კაციტაძე

 

 

12.05.2014. ”ზესტაფონი” - ”ზუგდიდი” 2-0

დაწვრილებით:

 

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 18 მაისს <ბილის>თბილისში გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით, ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დასასრულს მიახლოვებული ჩემპიონატის გამარჯვებულ თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დაუპირისპირდებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012