"დავით აბაშიძეზე" გამართული შეხვედრის შესახებ
ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენა „დავით აბაშიძეზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რაიონის გამგებელი ნუგზარ ქამუშაძე და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე „ზესტაფონის“ გულშემატკივრებს შეხვდნენ.
გუშინ „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წერილი გაგზავნა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც ითხოვა კლუბის 100 პროცენტიანი წილის გადაბარება ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ.
გაურკვეველ მიზეზთა გამო დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე (არადა, რამდენიმე დღის წინ გორში მსგავსი ხასიათის პრობლემების შექმნის გამო გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრიცა და ადგილობრივი მაჟორიტარიც ესწრებოდნენ)... „დავით აბაშიძეზე“ ხუთასამდე ქომაგი შეიკრიბა და საპრესკონფერენციო დარბაზმა მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაიტია.
ნუგზარ ქამუშაძე (ზესტაფონის გამგებელი): " ჩემთვის ბატონი ილიას წერილი ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლოს ერთად ვუყურეთ თამაშს და მკითხა, მუნიციპალიტეტს თუ შეუძლია, გუნდს დაეხმაროსო. გორს აგერ მილიონით დაეხმარნენო. მერე მოხდა ის, რაც მოხდა...
მე ახლა მხოლოდ ერთს შემიძლია დაგპირდეთ - ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება. ჯერ არ შევხვედრივარ ბატონ ილიას. შევხვდები და ვნახოთ, რისი შეთავაზება შეგვიძლია...
აქ ყველა ზესტაფონელები ვართ და უნდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს გუნდის შენახვის საშუალება. ის კი არა, ბიუჯეტი გვივარდება. მაგრამ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით".
ზვიად სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): " ძალიან აღელვებული ვარ აქ ნანახით. არ ვიცი, რატომ არ არის აქ სპორტის მინისტრი. გორში მე რომ ჩავედი, მერე ჩამოვიდა. ის მინისტრია და სადაც უნდა იქ მივა.
გუშინ საღამოს შემოვიდა ფედერაციაში ილია კოკაიას წერილი. იმ წამსვე გადავწყვიტე თქვენთან წამოსვლა. ილიას არ შევხვედრივარ. ჯერ მინდოდა თქვენთვის მომესმინა.
თავს ილია კოკაიას მეგობრად ვთვლი. მე ფეხბურთში ბიზნესიდან მოვედი და კარგად ვიცი, რომ დღეს ბიზნესმენისთვის წამგებიანია ქართული ფეხბურთი. „ბაიას“ 27 აღზრდილი თამაშობს სხვადასხვა ქართულ გუნდში და სატრანსფერო თანხა მხოლოდ „ზესტაფონმა“ გადაიხადა გურამ სამუშიაში. რისთვის ვიწვალე?
ახლა გეტყვით, რაც არასდროს მითქვამს. კოკაიას პირადად მე სამჯერ გადავაფიქრებინე წასვლა. ვუთხარი, ხალხს მაგრად უყვარხარ, ნუ მიატოვებ მეთქი. დამიჯერა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
ყველაფერი „დილასათვის“ თანხის გადარიცხვამ განაპირობა. მე არ მეშინია არაფრის. პირადად ვუთხარი სპორტის მინისტრს, ეს გამოიწვევს "დომინოს პრინციპს". თუ ყველას არ დავეხმარეთ, უკმაყოფილება გაღვივდება-მეთქი.
კოკაია ამის გამოა ასე. მესმის და ვამართლებ. სადაც ერთს, იქაც მეორეს. დაწერილი გვაქვს კანონპროექტი, რომელშიც ყველა გუნდის დაფინანსებაა გათვალისწინებული. ოღონდ სხვა გუნდები მათი მნიშვნელობის მიხედვით უნდა დაფინანსდნენ ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე „დინამო“, „ტორპედო“ და „ზესტაფონი.“
ახლა ის მაინც უნდა გაკეთდეს, რომ მუნიციპალიტეტი იქნება თუ ცენტრალური ბიუჯეტი, შუქის, წყლის ფული გადაიხადოს, მივცეთ შეღავათები ინვესტორს...
დღეს კოკაია წავა, ხვალ სხვა. ერთ თვეში ზუსტად იმავეს ვპროგნოზირებ ქუთაისის „ტორპედოში“. დარბიან ფხაკაძეები, შეღავათებს ითხოვენ, უსმენს მათ ვინმე?
როგორც ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტი და როგორც ადამიანი გპირდებით, რომ არ მიგატოვებთ. ილია კოკაია უნდა დავტოვოთ ფეხბურთში. თეთრი შურით მშურს მისი - არ არის იოლი ხალხის ამხელა სიყვარულის მოპოვება. ამ ბავშვებს, ცრემლიანი თვალებით რომ გვიყურებენ, ვპირდები, რომ ქუჩისთვის არ გავიმეტებ.
აქ ვხედავ მამაჩემის თაობის ხალხს და მათ ვპირდები, რომ არ მოგიკლავთ ერთადერთ სიხარულს. ვიცი, რომ აქ ფეხბურთი ყველაფერია. შევალ იქ, სადაც მიშვებენ და იქაც, სადაც არ მიშვებენ და ვეცდები, რომ შეუძლებელი შევძლო. ადამიანურად ვალში ვგრძნობ თავს თქვენთან.
მორჩება თუ არა შეხვედრა, ვჯდები მანქანაში, მივდივარ თბილისში და ვხვდები ილია კოკაიას, რათა შეგინარჩუნოთ ფეხბურთი. მე არ ვარ ციდან ჩამოფრენილი და ვიცი, „ზესტაფონი“ ყველაზე მეტად რომ დაიჩაგრა. მიგულეთ თქვენს გვერდით.“
ზვიად სიჭინავამ დარბაზი ამ სიტყვებით და ოვაციით დატოვა. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი „ზესტაფონის“ ქომაგებმა დაიმედებულებმა დატოვეს სტადიონი".
ალეკო კაკაურიძე, www.psoni.ge (იბეჭდება მცირე ცვლილებებით)
***
"ინფო-9"-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
***
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობას ასახავს.
|