Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

09.05.2013

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" პრეზიდენტის პრესკონფერენცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ იმერული კლუბის თბილისის ოფისში გუშინ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც საუბარი სახელმწიფო გუნდების არსებობის, მათი დაფინანსების, კერძო კლუბებთან მათი თანაარსებობისა და მრავალ სხვა პრობლემატურ საკითხს შეეხო.

 

ილია კოკაია: – დღევანდელი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, მომეწვიეთ აქ და თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი გულისტკივილი. მუნიციპალური გუნდები ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია. სახელმწიფოს და ფეხბურთის ურთიერთდამოკიდებულება არის მეტად მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

 

ახლანდელი სიტუაციით ასეა – ფეხბურთში ფულს ვდებ მე (- კერძო ინვესტორი), თან სახელმწიფოს ვუხდი გადასახადს და მერე ეს ჩემი გადახდილი ფული ხმარდება ჩემი კონკურენტების გაძლიერებას. ჩემი მოსაზრება ასეთია: ან სახელმწიფომ ყველა კლუბი ერთნაირად უნდა დააფინანსოს, ან საერთოდ აღარ უნდა იყოს სახელმწიფო გუნდები საქართველოს ჩემპიონატში და ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს კერძო ინვესტორი. ისე არ არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთი გუნდი დააფინანსოს და კერძო ინვესტორების გუნდები კი - არა...

 

თორმეტთა საბჭოზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მორიგი სეზონიდან, მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი გუნდები აღარ გვეყოლებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწვეტილება კიდევ მიუღებელია. ჩემთვის, როგორც კერძო ინვესტორისთვის, უინტერესოა ინვესტიციების შემდგომი განხორციელება. დღეს ორი პროექტი მაქვს მოტანილი, პირველი შეეხება გუნდის ბიუჯეტირებას, საკმაოდ მაღალი თანხაა, მეორე კი გუნდის დაშლას, ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და მხოლოდ საბავშვო ფეხბურთზე მუშაობას. ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, თუ რომელ მხარეს წავალ. თუკი არ გაირკვა სხელმწიფოს დამოკიდებულება საერთოდ ფეხბურთის მიმართ.

 

მე მქონდა ამის შესახებ საუბარი, კლუბების სხვა მფლობელებთანაც. თუკი „დილა“ იღებს სახელმწიფოსგან ცხრა მილიონს, სხვამ რა დააშავა?! ჩვენი ფული დახარჯა! ამასწინათ დაიწერა იმის სტატისტიკა, თუ რამდენი ფეხბურთელი მოამზადა ნაკრებისთვის კერძო კლუბმა და რამდენი სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა ...

 

გარიგებულ თამაშს რომ ფეხბურთელი თამაშობს, ის ანგელოზი ვერ იქნება. ჩემი ერთი ყოფილი ფეხბურთელიც იყო იმათ შორის, ვინც გამოააშკარავეს. მან "ზესტაფონს" თავის დროზე დიდი სამსახური გაუწია, მაგრამ დღეს, მაპატიეთ და ანგელოზად ვერ აღვიქვამ. უთქვამს კიდეც –  რატომ ლაპარაკობს ილია კოკაია ჩემზე ასეო. ფეხბურთი ასეთია – თუ ერთხელ მოგეცხო ჭუჭყი, მერე ვეღარ მოიშორებ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს არის პროფესიის ღალატი...

 

– საქართველოს ჩემპიონატში სულ რამდენიმე კერძო კლუბია. სხვებიც იზიარებენ თქვენს პოზიციას?

–  ყველა ერთ აზრზე ვართ. გორის "დილას" რომ ლიცენზია მისცეს, ეს იყო დიდი ტრაგედია. ფედერაციას ვადანაშაულებ ამაში. როგორ შეიძლება, გამგებლის მოადგილის საგარანტიო წერილის საფუძველზე გასცე ლიცენზია. "დილა" ძალიან კარგი გუნდია. ალალად გვაჯობა ზესტაფონში და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ვუთხარი კიდეც, "დინამოზე" მეტად "დილა" მომეწონა-მეთქი. ეტყობა, რომ ვალდას ივანაუსკასი მაგარი მწვრთნელია.

 

სწორი მიდგომით ეს გუნდი ბევრს მიაღწევს, მაგრამ თავის დროზე არასწორი საფუძველი ჩაიყარა. ზევიდან დაიწყო შენობის შენება. ცხრა მილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თასი მოეგოთ. იმ თასის ფინალში გაუგონარი სიბინძურე მოხდა...

 

მე შევხვდი ჯუღელს და ვუთხარი, მოეშვი ამ სიბინძურეს-მეთქი, მაგრამ პირველი მე გამიკეთა, არ ვსაუბრობ თასის ფინალზე, საუბარი მაქვს პირველ მატჩზე ზედა ექვსეულში, როდესაც პენალტი დაგვიდეს. მაშინვე ავდექი და წამოვედი სტადიონიდან, ასე არასდროს არ მოვქცეულვარ სხვა დროს. მოვედი ფედერაციაში და ვუთხარი, ეს სიბინძურე მოეშორებინათ, თორემ ამას დიდი ამბები მოყვებოდა. ადგნენ და მსაჯი სამი თამაშით მოხსნეს, ასევე კვარაცხლია, რომელიც დააბრუნეს ისევ, შეიძლება ასე?!

 

ამაზე რომ ვსაუბრობ, ბევრი პირადად იღებს თავის თავზე. ერთმა ისიც თქვა, რომ ეს გორელი ხალხის შეურაცხყოფააო. მე ვერ გავაიგივებ დღევანდელ „დილას“ გორელ ხალხთან და გულშემატკივართან. მე თავიდანვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, თუ გინდათ, რომ გორს კარგი გაუკეთოთ, ააშენეთ ინფრასტრუქტურა და მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს. ამათ შენება დაიწყეს ბოლოდან და შედეგიც სახეზეა, ეს ხომ ყველამ იცოდა, რომ დროებითი იქნებოდა...

 

– როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი ჩემპიონატის ისეთი ფორატი, რომელსაც "ზესტაფონი" დაეთანხმება?

–  არის ორი გზა: პირველი:  სახელმწიფო იყოს ფეხბურთში და ერთნაირად დააფინანსოს თვითოეული კლუბი. ისე არ არის, რომ ილია კოკაია ფულს ხარჯავს და მას მაინც არ სჭირდება სახელწიფოს მხარდაჭერა, ხოლო კოკაიასგან აღებული ფულით სხვა გუნდები გაძლიერდეს. მილიონ გადასახადს ვიხდი და ის ფული ჩემ წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს?!

 

მეორე: მოეძებნოს კერძო ინვესტორი ყველა გუნდს, რაც საუკეთესო გზად მიმაჩნია, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება გუბერნატორების ჩემპიონატების აჩრდილი ქართულ ფეხბურთში.

 

– ალბათ ძალიან პრობლემურია აგენტების საკითხი, რომლებიც აწყობილ გუნდებს შლიან. რუსეთში ცოტა ხნის წინ მათ წინააღმდეგ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. თქვენს კოლეგებთან თუ გქონიათ ამაზე მსჯელობა?

– შარშანდელ სეზონში გუნდი სწორედ აგენტებმა დამიშალეს ჩემპიონთა ლიგის წინ და რა მივიღეთ შედეგად "ნეფთჩისგან", ყველამ ნახეთ. ეს ისეთი საქმეა, რომ თვითონ ფეხბურთელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და იცოდეს, ვის ელაპარაკოს, თორემ როგორ გინდა, კაცს კაცთან შეხვედრა და ლაპარაკი დაუშალო?

***

ორიოდე სიტყვით "ზესტაფონის" პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ-ქართულ ჩემპონატის იდეაზეც თქვა. მისი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს პროექტი განხორციელდება.


მომზადებულია www.psoni.ge-ს და www.geosports.ge-ს პუბლიკაციების მიხედვით

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013