03.05.2013
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტური
2013 წლის 3 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ტორპედოს” მეორე გუნდს ქუთაისში ესტუმრნენ.
სტუმრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ტურავა, გიორგაძე (თვალავაძე, 17), შალამბერიძე, ჯიქიძე (ლეკვეიშვილი, 46), გოგია (ჭეიშვილი, 46), გაჩეჩილაძე, კუპრაშვილი, ჩუბინიძე (ომარ გრიგალაშვილი, 81), მაკარიძე, კვარაცხელია (მახარაძე, 46), ეგუტიძე.
ქუთათურთა დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიში უკვე 7-ე წუთზე, ზესტაფონელთა მეკარისა და ერთ-ერთი მცველის შეუთანხმებელი თამაშის გამო, ბექა კაკუშაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა. 31-ე წუთზე კი დემურ კანდელაკმა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა...
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - შეტევითი აქციებით ძირითადად მასპინძლები იყვნენ დაკავებულები. რაც შეეხება სტუმრებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენა ვერ მოახერხეს და, შესაბამისად, მატჩი დიდი ანგარიშით 0-3 დათმეს. 56-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში კიდევ ერთი გატანილი გოლით თავი ბაქარ ლაღაძემ გამოიჩინა.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|