29.04.2013
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტური
2013 წლის 29 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გიორგაძე (ომარ გრიგალაშვილი, 76), გაგოშიძე, რობაქიძე (ჯიქიძე, 46), კუპრაშვილი (თვალავაძე, 65), გოგია (მოსიძე, 80), გაჩეჩილაძე, მაკარიძე, ჩუბინიძე, კვარაცხელია (შენგელია, 64), ეგუტიძე.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე ზესტაფონელთა დუბლიორთა გუნდში შემადგენლობის გადახალისებისა და გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. ჩემპიონატის მეორე ეტაპის შეხვედრათა უმრავლესობაში მარგველთა გუნდის შემადგენლობაში ძირითადად 16-17 წლის ფეხბურთელებმა იასპარეზეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში იმერელ დუბლიორთა ოპონენტებს, გორელთა სამწვრთნელო შტაბმა ახალგაზრდა ზესტაფონელთა წინააღმდეგ მოედანზე ერთბაშად რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (ილია ლომიძე, პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები, გიორგი მამუჩიშვილი, რომან გოგინაშვილი და ა.შ. ) გამოიყვანა...
მასპინძელთა პირველივე სახიფათო იერიში გოლით დასრულდა - შეხვედრის 4-ე წუთზე, გიორგი ჩუბინიძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, გორელთა გოლკიპერთან პირისპირ დარჩენილმა ავთანდილ ეგუტიძემ თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. ზოგადად, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ორივე გუნდი აქტიურობდა და გოლის გატანის შანსებიც ორივე მხარეს ჰქონდა. გორელებს ტაიმის ბოლო წუთზე მაინც გაუმართლათ და ანგარიშიც გათანაბრდა - მიზანს აკაკი სირბილაძის თავით დარტყმულმა მიაღწია.
მეორე ტაიმის დებიუტში (56-ე წუთი) მასპინძელთა კარში თერთმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და 29 წლის გამოცდილმა რომან გოგინაშვილმა წინ უკვე სტუმრები გაიყვანა. მასპინძლებმა გასათანაბრებლად კი გაიწიეს, თუმცა შიდაქართლელთა დაცვამ და მეკარემ ახალგაზრდა მასპინძლების შეტევებს გაუძლეს და იმერლებს გოლის გატანის შესაძლებლობა აღარ მისცეს. შედეგად, დასანანი მარცხი ანგარიშით 1-2.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|