2013 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საიუბილეო, რიგით მეოცე იმერულ დერბიში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1-0.
" ... შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო... სადებიუტო წუთებმა ისე ჩაიარეს, რომ მეტოქეთა კიპერებამდე ბურთი, ფაქტობრივად, არ მისულა. საერთოდ, პირველმა ტაიმმა ძალზე უინტერესოდ ჩაიარა. მეტოქეებმა ინერტულად ჩაატარეს ტაიმის დიდი ნაწილი და მხოლოდ ბოლო წუთებზე გააქტიურდნენ. საწყის ათ წუთში, მხოლოდ კუთხურები გაცვალეს გუნდებმა. პირველად თამაშში რეალურად ჩართვა ქუთაისელთა კიპერს, მიგინეიშვილს მოუწია. მე-15 წუთზე, სტუმართა კაპიტანმა აფციაურმა, მახვილი კუთხიდან სტანდარტული ისე ჩააწოდა, რომ არა მიგინეიშვილის თავდადებული გარჯა, ანგარიში, ალბათ, გაიხსნებოდა - ტორპედოელთა კარის დარაჯმა გაჭირვებით შეძლო კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა.
ამის შემდეგ, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. რამდენიმეჯერ მათ ხესაყრელი მომენტები შექმნეს, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოდიოდათ. ერთხელ, ქუთათურებმა გატანაც მოახერხეს, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა და მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თავის მხრივ, უქმად არც ზესტაფონელები ყოფილან. 34-ე წუთზე ბაბუნაშვილმა დაარტყა გამოზომილად, დაახლოებით 22 მეტრიდან, მაგრამ მიგინეიშვილმა ადგილი სწორად შეარჩია და ბურთსაც დაეუფლა.
ტაიმის დასკვნით ნაწილში გუნდები შედარებით გააქტიურდნენ. 37-ე წუთზე, მასპინძლებმა ყველაზე რეალური მომენტი შექმნეს. ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო ზესტაფონელთა კარის ძელმა აისხლიტა... 41-ე წუთზე ლოსანომ გადაგზავნა კეფით ბურთი ტორპედოელთა კარისკენ. ეს ბურთი ასაღებად იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ხარიხას ოდნავ გადაცდა. სულ მალე, ბერიაშვილს ჰქონდა სტუმართა საჯარიმოში შანსი, მაგრამ ნახტომში თავური დარტყმა ზუსტად არ გამოუვიდა. სიზუსტე არ აკლდა, მაგრამ გოლი მაინც არ გასულა კვერნაძის გარღვევის და დარტყმის შემდეგ. ახალგაზრდა ფორვარდის მცდელობას მიგინეიშვილი გადაეღობა.
მეორე ტაიმი წინამორბედის მსგავსად დაიწყო. გუნდები ისევ ვერ ახერხებდნენ სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა 56-ე წუთზე, მასპინძლებმა პენალტის დარტყმის საშუალება მიიღეს. თერთმეტმეტრიანი კი გრიგალაშვილის წაქცევას მოჰყვა, რომელმაც მოედნის შუაგულიდან კუხიანიძისგან იდეალური გადაცემა მიიღო. ქუთაისელთა წამით დაასწრო მეკარეს და გაცდენას აპირებდა, როდესაც კვასხვაძემ წააქცია. არბიტრმა საქართველოს ნაკრების კიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად კუხიანიძემ შეასრულა, თუმცა მას ორჯერ მოუხდა ამის გაკეთება, რადგან პირველი დარტყმის დროს, ერთ-ერთი ქუთაისელი ვადაზე ადრე შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში - 1:0.
სულ მალე, ქუთათურებმა ისევ შექმნეს სახიფათო მომენტი. ამჯერადაც, მეტოქის საჯარიმოში ბერიაშვილი აქტიურობდა, თუმცა მის გამჭოლ გადაცემას არავინ გამოეხმაურა. ანგარიშში ჩამორჩენამ ზესტაფონელებიც გამოაცოცხლა, რომლებიც ზედიზედ ორჯერ, თავურით დაემუქრნენ მასპინძელთა კარს. ფეროელთა ორივე მცდელობა, ლოსანოსა და ბოტი დემელისგან, მიგინეიშვილმა გაანეიტრალა.
თანდათანობით, თამაში ისევ ძველ რიტმში გაგრძელდა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდები თავს ზოგავდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებს ვერ ჰქმნიდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოწინაღმდეგეები შორი მანძილიდან დაემუქრნენ ერთმანეთს, მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა. მატჩის ეპილოგში, ზესტაფონელებმა რამდენჯერმე მოიპოვეს სტანდარტულის ჩაწოდების უფლება, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრა. შეხვედრის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა ზესტაფონელთა ლეგიონერ ბოტი დემელსა და ერთ-ერთ ტორპედოელს შორის, თუმცა არბიტრმა მალევე ჩააცხრო სიტუაცია (ამას მოჰყვა ეპიზოდი, როდესაც ბოტი დემელის წაქცევისათვის სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ის სხვაგვარად განსაჯა - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური). საერთო ჯამში, გვანცელაძეს 8-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება, თუმცა მატჩში გამოკვეთილი უხეშობა ნაღდად არ ყოფილა. საბოლოოდ კი, “ტორპედომ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, ხოლო “ზესტაფონმა” ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა."
გამოყენებულია www.worldsport.ge-ს პუბლიკაცია, ავტორი ზაზა ლეთოდიანი (იბეჭდება მცირე ცვლილებებით...)
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 4 მაისს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას" უმასპინძლებენ.