2013 წლის 19 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს ეროვნული თასის მფლობელ გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” უმასპინძლა.
გორელი ფეხბურთელები, რომლებიც კვლავაც განაგრძობენ საჩემპიონო "რბოლას", იმერეთს შემართებით ესტუმრნენ და აბსოლუტურად დამსახურებულად, თანაც ძალიან ლამაზ სტილში დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა - 43-ე წუთზე სტუმართა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კახა ალადაშვილის კარგი გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ზესტაფონელთა კარის ბადეშიზუსტი თავური დარტყმით ბურთი ირაკლი მოდებაძემ გადაგზავნა.
დღევანდელი შეხვედრის მეორე ნახევარში კი თავი შიდაქართლელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჟუნიორმა გამოიჩინა, რომელმაც 55-ე და 78-ე წუთებზე ორჯერ დალაშქრა როინ კვასხვაძის კარი და დუბლი შეასრულა. სტუმართა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.
მატჩის შემდეგ:
ვალდას ივანაუსკასი: "ჩემპიონატს ინტრიგა რომ შეენარჩუნებინა, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო და საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.
მოგებაცაა და მოგებაც, ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და მეტოქეს ლამაზ სტილში აჯობეს."
კახა კაჭარავა: "მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა... გულშემატკივართა უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ, როცა გუნდში 12 ახალი ფეხბურთელია, მათი შეთამაშება დროს მოითხოვს.
წლეულს ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო და ეს შევძელით, გუნდის შენება რთული პროცესია და ასეთ ჩავარდნებს ველოდით კიდეც. სამომავლოდ, გუნდში ბევრი რამ შეიცვლება."
შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 27 აპრილს ქუთაისში გამართავს. მორიგ იმერულ დერბიში ზესტაფონელთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იქნება.